საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაასრულა. სასამართლოს პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება. მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს კონსტიტუციის დარღვევას.
ხელისუფლების ოპონენტები კი ფიქრობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, იქნება ისეთი როგორიც ხელისუფლებას უნდა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს დასავლელი პარტნიორებიც ეხმაურებიან. საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ხელს არ უწყობს.
“როგორც იცით, მიმდინარეობს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, ახლა საქმე არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. არ მსურს კომენტარის გაკეთება, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია. როგორც პრეზიდენტის, ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლები თავიანთ არგუმენტებს წარადგენენ. ყველა ველოდებით სასამართლოს დასკვნას, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. ის, რისი თქმაც შემიძლია და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რაც ბევრჯერ მითქვამს და რაც უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა აქ ყოფნის დროს განაცხადა, არის ის, რომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე იმპიჩმენტის პროცედურა ხელს არ უწყობს საქართველოში ვითარების დეპოლარიზაციას, პირიქით ის აძლიერებს პოლარიზაციას, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში ვხედავთ”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, საკითხზე უკვე პარლამენტი იმსჯელებს და მისი იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა იქნება საჭირო, რის მიღწევასაც უმრავლესობა ოპოზიციის გარეშე ვერ შეძლებს, ვინაიდან ქართულ ოცნებას პარლამენტში არ აქვს 100 ხმა.
ანა ალელიშვილი