ბრაზილიაში, ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში, BRICS-ის მე-17 სამიტი მიმდინარეობს. სამიტი 6 ივლისს დაიწყო და 7 ივლისს დასრულდება, მას ესწრებიან 10 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები, რომელთა შორისაცაა ბელარუსი, კუბა და ვიეტნამი.
სამიტზე მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური თემები განიხილეს, კერძოდ: ისრაელის თავდასხმა ირანზე, ჰუმანიტარული კრიზისი ღაზის სექტორში და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიერ დაწესებული ყოვლისმომცველი ტარიფები.
BRICS-ის წევრები ცდილობენ, თავი დააღწიონ ვაშინგტონის ეკონომიკურ გავლენებს და შექმნან კიდევ ერთი პოლუსი, რომელიც მსოფლიოში ანგარიშგასაწევი ძალა გახდება.
„სამიტი ყველაზე არასასურველი სცენარის განვითარების პარალელურად ტარდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 26 ივნისს 80 წელი აღნიშნა, თუმცა ჩვენ მრავალმხრივი მმართველობის უპრეცედენტო კრახის მომსწრენი ვართ. თუ საერთაშორისო მმართველობა XXI საუკუნის მულტიპოლარულ რეალობას არ ასახავს, მაშინ BRICS-ის მოვალეობაა, წვლილი შეიტანოს მის განახლებაში. ჩვენი წარმომადგენლობა და მრავალფეროვნება BRICS-ს აქცევს ძალად, რომელსაც შეუძლია მშვიდობის ხელშეწყობა, კონფლიქტების პრევენცია და შუამავლობა“, – აცხადებს ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა.
BRICS-ის სამიტი ზოგიერთი წევრი ქვეყნის ლიდერმა ამჯერად გამოტოვა. კერძოდ, სამიტი გამოტოვა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, რომელიც 2012 წელს თანამდებობის დაკავების შემდეგ BRICS-ის ყველა სამიტს ესწრებოდა.
რიო-დე-ჟანეიროში გამართული შეხვედრა ასევე გამოტოვეს ირანისა და ეგვიპტის პრეზიდენტებმა მასუდ ფეზეშქიანმა და აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ.
სამიტს ვერც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაესწრო, თუმცა ის დისტანციურად ჩაერთო. როგორც ჩანს, ბრაზილიის პრეზიდენტის მიერ ორგანიზაციის ერთობაზე საუბრის მიუხედავად, იმის გარანტია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე რუსეთის პრეზიდენტს ბრაზილიაში არ დააკავებენ, კრემლმა ვერ მიიღო.
ვიდეომიმართვისას ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ გლობალიზაციის ის მოდელი, რომელიც ახლა არსებობს, უკვე მოძველდა და მალე ყურადღება სწორედ BRICS-ის წევრი განვითარებადი ქვეყნების ბაზრებისკენ გადაინაცვლებს.
„ყველა ვხედავთ, რომ მსოფლიოში ფუნდამენტური ცვლილებებია. საერთაშორისო ურთიერთობების ერთპოლუსიანი სისტემა, რომელიც უმდიდრეს ადამიანებს ემსახურება, წარსულს ჩაბარდა. მას უფრო სამართლიანი, მრავალპოლუსიანი სისტემა შეცვლის. გლობალური ეკონომიკური წესრიგის შეცვლის პროცესი გრძელდება. ყველაფერი მიუთითებს, რომ ლიბერალური გლობალიზაციის მოდელი მოძველდა. ცენტრი განვითარებადი ქვეყნების ბაზრებისკენ გადაინაცვლებს, რაც ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს, მათ შორის BRICS-ის ქვეყნებში“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
BRICS 2009 წელს ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა და ჩინეთმა დააარსეს. 2010 წელს კი მათ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა შეუერთდა. ორგანიზაცია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საპირწონედ შეიქმნა და 2024 წელს გაფართოვდა. კერძოდ, ორგანიზაციამ მოიცვა ინდონეზია, ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

