მთავარისაქართველოდაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია - საკონსტიტუციო სასამართლო 3 ოქტომბერს იმსჯელებს

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია – საკონსტიტუციო სასამართლო 3 ოქტომბერს იმსჯელებს

რაც უფრო ახლოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი სხდომა, პრეზიდენტის წინააღმდეგ მმართველი პარტიის სარჩელზე, მით უფრო მძაფრდება განცხადებები ორივე პოლარიზებული პოლიტიკური ვერტიკალიდან.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო ლიდერები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის,  მთავრობის თანხმობის გარეშე მოსალაპარაკებლად წასული სალომე ზურაბიშვილი, კონსტიტუციას იმ მასშტაბით არღვევს, რომ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან უნდა გადააყენონ. ამის დასადასტურებლად საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების იმედი აქვთ.

„ამ საკითხზე უკვე გავაკეთეთ შეფასებები და გადაგზავნილია პარლამენტიდან შესაბამისი დოკუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოში. ძალიან მალე იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებაც და მთელი საზოგადოება დაინახავს, რომ პარლამენტმა სწორი შეფასება გააკეთა, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. ჩვენი რეაგირება იყო მართებული და ორიენტირებული იყო იმაზე, რომ ყველამ მომავალში თავისი საქმე გააკეთოს კონსტიტუციის დაცვით. ყველას გვახსოვს, სადამდე მიიყვანა ქვეყანა კონსტიტუციისა და კანონის უგულებელყოფამ. მიიყვანა სამოქალაქო ომამდე და პოლიტიკურ კრიზისებამდე და არაერთხელ დაზარალდა ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება. ეს რომ მომავალში არ განმეორდეს, საჭიროა, ყველა ინსტიტუტმა და ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა თავისი საქმე კონსტიტუციისა და კანონის დაცვით გააკეთოს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს და მისი ინსტიტუციაც ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური გადაწყვეტილებების გამტარებელია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ იმპიჩმენტი დროში გაწელილი საკითხია, მმართველი გუნდის ორმაგი თამაშია და მისი პარტია ამაში არანაირ მონაწილეობას არ მიიღებს. მისი თქმით, ამ ყველაფრის მიზანი მნიშვნელოვანი საკითხებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანაა.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის გაგრძელებაა და მის გარეშე არ და ვერ იღებს გადაწყვეტილებებს. ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც ამის ნათელი დასტურია. ფარცხალაძეს ზურაბიშვილი არ ართმევს მოქალაქეობას, რეალურად, მას ამით აქვს გარკვეული პრივილეგიები ევროკავშირის ქვეყნებში. სწორედ ამიტომაა, სავარაუდოდ, რომ ის უნარჩუნებს მოქალაქეობას, ეს აჩვენებს, რომ ზურაბიშვილი ჩართულია ივანიშვილის თამაშებში. ჩვენი ფრაქცია იმპიჩმენტში მონაწილეობას არ მიიღებს და სხდომაზე არ შევა. ჩვენ არ ვაპირებთ მოგონილ, რუსულ თამაშებში მონაწილეობის მიღებას, რომ თითქოსდა იმპიჩმენტს მოუწყობენ სალომე ზურაბიშვილს. ვწუხვარ, რომ ამაზე არ დამთავრდა სპეკულაციები, პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ არ ვმონაწილეობთ და არ ვაპირებთ საერთოდ ამ სხდომაზე შესვლას. ალბათ, ეჭვიანი ადამიანები არიან (ვინც ამაზე საუბრობს), უნდათ, რომ ეჭვი ჰქონდეთ და მერე აქტუალურები იყვნენ ამ თემით. ეს არის ივანიშვილის თამაში და ნუ შევდივართ ამ თემის განხილვაში, ეს არის მხოლოდ ივანიშვილის ინტერესი, რომ ამაზე ვისაუბროთ”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელის არსებითი განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყება. მოსამართლეები სხდომაზე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის სარჩელს განიხილავენ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სავარაუდო დარღვევის საკითხზე. სხდომა 12 საათზეა ჩანიშნული.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend