მექსიკის კონგრესში კანონმდებლების წინაშე ჟურნალისტმა ხოსე მაუსანმა, 2017 წელს, პერუს უდაბნოში ნაპოვნი ე.წ. მუმიფიცირებული უცხოპლანეტელები წარადგინა. ნაშთების ხილვამ კონგრესსა და სოციალურ მედიაში აღშფოთება გამოიწვია.
,,დღეს ჩვენ პერუში 2017 წელს აღმოჩენილ ორ სხეულს წარვადგენთ. თუ დნმ ტესტი დაადასტურებს, რომ ეს სხეულები ნამდვილად არ ატარებს ადამიანის დნმ-ს და თუ დედამიწაზე მსგავსი სახეობა არ არსებობს, მაშინ უნდა მივიღოთ ეს უცხოპლანეტელების არსებობის მტკიცებულებად. ეს არ არის ადამიანის ნაშთი. თუმცა ამ ეტაპზე მათ უცხოპლანეტელებს დაზუსტებით ვერ ვუწოდებთ“, – განაცხადა ხოსე მაუსანმა.
სესიაზე კონგრესმენმა სერგიო გუტიერეზ ლუნამ აღნიშნა, რომ კონგრესს ამ ეტაპზე არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენების საფუძვლიანობის შესახებ.
,,განვაგრძობთ ამაზე საუბარს. როგორც აქამდე ვთქვი, იმედს ვიტოვებ, რომ ეს საქმე დაგვეხმარება იმის გარკვევაში არის თუ არა საჭირო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა“, – ამბობს გუტიერეზ ლუნა.
2017 წელს პერუს პროკურატურამ განაცხადა, რომ სხეულები დიდი ალბათობით ადამიანის მიერაა შექმნილი, ხოლო კანის მსგავსი სტრუქტურის შესაქმნელად ქაღალდი და სინთეტიკური წებოა გამოყენებული. აგრეთვე, არ არის ცნობილი, არის თუ არა მექსიკის კონგრესში წარდგენილი ე.წ. მუმიფიცირებული უცხოპლანეტელების ნიმუშები, სწორედ ის სხეულები, რომლებიც პერუში აღმოაჩინეს, რადგან 2017 წელს უდაბნოში ნაპოვნი ნაშთები არ გასაჯაროებულა.
მსგავსი საქმის განხილვა ვიხილეთ აშშ-ის კონგრესშიც, სადაც ამერიკული დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს 1930-იანი წლებიდან მოყოლებული აქვს ინფორმაცია „არამიწიერი აქტივობის“ შესახებ.