მთავარიევროპარუსეთი„ვაგნერის" მეთაურის სიკვდილი - რუსეთში ავიაკატასტროფის მიზეზებს იძიებენ

„ვაგნერის” მეთაურის სიკვდილი – რუსეთში ავიაკატასტროფის მიზეზებს იძიებენ

კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერის“ მეთაური, დამფუძნებელ დმიტრი უტკინთან და 8 სხვა ადამიანთან ერთად, ტვერის რეგიონში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

ევგენი პრიგოჟინის ცხოვრებამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი ცვლილება განიცადა. ერთ დროს პატიმარმა რუსეთის ფედერაციის სიდიდით მეორე ქალაქში სასურსათო წარმოების აწყობა შეძლო. სანქტ – პეტერბურგში წარმატების ფონზე კი, ევგენი პრიგოჟინის ამბიციები გაიზარდა და ამ ამბიციებმა ის აფრიკის, სირიისა და უკრაინის ბრძოლის ველებამდე მიიყვანა.

სწორედ ევგენი პრიგოჟინის კუთვნილმა კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერის“ ჯარისკაცებმა დაიპყრეს დონბასში მდებარე ქალაქი ბახმუტი.

„დღეს 12 საათიდან ქალაქი ბახმუტი ჩვენი კონტროლის ქვეშ არის“, –  კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერის“ ყოფილი მეთაური ევგენი პრიგოჟინი.

სწორედ ბახმუტისთვის ბრძოლისას გახდა ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შორის დაპირისპირება საჯარო, „ვაგნერის“ მეთაური რუსული თავდაცვის უწყებას ტყვია წამლის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდებაში სდებდა ბრალს.

„ეს მამებისა და შვილების ცხედრებია, ის ვინც არასაკმარისად გვაწვდის ტყვია წამალს, ჯოჯოხეთში აღმოჩნდება. ტყვია წამლის საჭირო რაოდენობის 70% არ გვაქვს. შოიგუ, გერასიმოვ, სად არის ტყვია წამალი?“, – ევგენი პრიგოჟინი.

ივნისში კი ყველასთვის მოულოდნელად კერძო სამხედრო ორგანიზაცია ვაგნერის მეთაურმა თავდაცვის მინისტრის გადაყენების მოთხოვნით სამხედრო აჯანყება გამოაცხადა.

„ეს არ გახლავთ სამხედრო აჯანყება, ეს არის მარში სამართლიანობისთვის. ჩვენი ქმედებები რუსულ არმიას ხელს არ უშლის. არმიის უმრავლესობა მხარს ჩვენ გვიჭერს“, – ევგენი პრიგოჟინი.

მალევე კერძო სამხედრო ორგანიზაცია ვაგნერის დანაყოფებმა უკრაინა დატოვეს და სამხრეთ რუსული ქალაქი როსტოვი და შემოგარენში არსებული სამხედრო ინფრასტრუქტურა დაიკავეს.

„ახლა ვიმყოფებით სამხრეთ სამხედრო მეთაურობის შტაბ-ბინაში. დილის 7 საათია. როსტოვის სამხედრო ობიექტები ჩვენი კონტროლის ქვეშ არის“, – ევგენი პრიგოჟინი.

ევგენი პრიგოჟინმა სამხედრო ამბოხი 24 საათზე ნაკლებ დროში შეაჩერა, კრემლსა და „ვაგნერს“ შორის შუამავალი მინსკი აღმოჩნდა.

„მარში სამართლიანობისთვის დავიწყეთ, არცერთი რუსი სამხედრო არ მოგვიკლავს. ერთი დღის შემდეგ მოსკოვიდან 200 კილომეტრში ვიმყოფებოდით. როსტოვი ავიღეთ. მოქალაქეებს ჩვენი გამოჩენა გაუხარდათ. ყველას ვაჩვენეთ თუ 2022 წლის 24 თებერვალს როგორ უნდა ჩაევლო. ჩვენი მიზანი ხელისუფლების დამხობა არ გახლდათ, ჩვენ შემოვბრუნდით და შევჩერდით ისე რომ ერთი რუსი ჯარისკაცის სისხლი არ დაგვიღვრია“, – ევგენი პრიგოჟინი.

ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ ამბოხის მეთაურები და მოღალატეები პასუხს აგებდნენ. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მთავარი მიზანი შიდა კონფლიქტის თავიდან აცილება იყო. რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ევგენი პრიგოჟინის ახალი ვიდეო აფრიკიდან, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერის“ მეთაური გავრცელებულ ვიდეოში ახალი ჯარისკაცების რეკრუტირებაზე საუბრობდა.

„ვმუშაობთ. ტემპერატურა 50 გრადუსს აღწევს. ეს პრობლემა არ არის, ვაგნერი მუშაობს. ჩვენი მიზანი ყველა კონტინენტზე რუსეთის გაძლიერებაა, ჩვენი მიზანი აფრიკის გათავისუფლებაა.  სამართლიანობა და ბედნიერება აფრიკელ ხალხს, ალ – ქაიდას, ისლამურ სახელმწიფოს და სხვა ტერორისტებს გავანადგურებთ“, – ევგენი პრიგოჟინი.

რუსეთის ფედერაციის შესაბამისი უწყებები ავიაკატასტროფის მიზეზებს იძიებენ და რუსული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ყველა შესაძლო მიზეზი განიხილება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend