მექსიკის დედაქალაქის ცენტრში ათასობით ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობას უფასოდ ამოწმებდნენ. სააგენტოს მიზანი საზოგადოების წახალისება იყო, რომ რაც შეიძლება ხშირად ატარონ ძაღლები ვეტერინარებთან.
მეხიკოში ცხოველთა დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორი კარლოს ესკიველი ამბობს, რომ ამ ტიპის აქტივობები ხელს უწყობს შინაური ცხოველებისა და ცხოველების მოვლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
„ძაღლებს ჯანსაღი საკვები უნდა აჭამო. უნდა აღზარდო, სამედიცინო დახმარებით უზრუნველყო. ისინი ინტეგრირებული უნდა იყვნენ იმ ოჯახურ გარემოსთან, რომელშიც ცხოვრობენ. ისინი ამ სოციალური ჯგუფის წევრები არიან და არ უნდა იყვნენ უყურადღებობის ან შევიწროების მსხვერპლნი,” – განაცხადა ცხოველთა დაცვის სააგენტოს დირექტორმა, კარლოს ესკიველმა.
ცხოველთა დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მექსიკის ოჯახების 57 პროცენტს სახლში ძაღლი ჰყავს, ხოლო 19 პროცენტს – კატა. ამ სტატისტიკის მიუხედავად, შინაური ცხოველების მიტოვებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევა მაინც ბევრია. ძაღლების საერთაშორისო დღეს ედიტ ბარიგამ 5 წლის მაილო კბილის გასაწმენდად მიიყვანა.
„მე მაილოს ვაღმერთებ, მე ის ძალიან მიყვარს. ის ჩვენი ოჯახის წევრია. ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აღებული მაქვს. მისი ერთგული უნდა ვიყო. ის სიყვარული, რომელსაც ძაღლები გვაძლევენ, ძალიან აადვილებს საქმეს. თუმცა ასევე საჭიროა რესურსები შესაბამისი საკვებისა თუ სამედიცინო დახმარებისთვის,“ – ედიტ ბარიგა.
ადამარისმა და მისმა ოთხფეხა მეგობარმა, აზულამ, ძაღლების რბოლაში გამარჯვება ერთად აღნიშნეს. ძაღლების საერთაშორისო დღეს გამართულ რბოლაში აზულამ ოთხ სხვა ძაღლს გადაასწრო.
„ახლა მან პირველი ადგილი მოიპოვა! მანამდე ვთქვი, რომ აზულა მეორე შანსს გამოიყენებდა. მან მოიგო და ძალიან ბედნიერი ვარ,” – ამბობს ადამარისი.
ცხოველთა დაცვის სააგენტოში, რომელიც ექვსი წელია არსებობს, ამბობენ, რომ შინაურ ცხოველებზე ზრუნვის პარალელურად, მნიშვნელოვანია გარემოსა და სხვა სულიერი არსებების დაცვაც.