მთავარისაქართველოარა მხოლოდ პანდუსი...

არა მხოლოდ პანდუსი…

ყოველდღიურად, კორპუსის მეცამეტე სართულიდან ლიფტით ჩამოდის და ქუჩაში გასავლელად პანდუსს მიუყვება, რომელიც მამამ დაუმზადა. მერე უნივერსიტეტისკენ მიემართება. სანამ შავი ზღვის საერთაშორისო  უნივერსიტეტამდე  მივა, ბევრი დაბრკოლება უნდა გადალახოს.  ერთ-ერთი მოუწესრიგებელი გზებია. როცა წვიმს, ეს გზები კიდევ უფრო რთული გასავლელი ხდება მარიამისთვის.

„ჩემი მეგობრები,როცა ერთად ვუმკლავდებით რაღაცას, მაგალითად მივედით რომელიღაც კაფეში და არ არის კარგად ადაპტირებული სივრცე, არის კიბე და არ არის პანდუსი,ამას კი გავუმკლავდით, მაგრამ შემდეგ ისინი იწყებენ ფიქრს იმაზე, სხვაგან როცა მიდიან ჩემთან ერთად არა, ჩემს გარეშეც როცა მიდიან სადღაც, ფიქრობენ იცი მარიამ იქ არ იყო პანდუსი და მე იმათ ვუთხარი,რომ ამაზე იფიქრონ, ეს ჯაჭვი იზრდება და ყველა ადამიანი იწყებს ფიქრს, რომ თუ მე შემიძლია,რომ ამ კაფეში შევიდე,რატომ არ შეუძლია მარიამს“, – ამბობს მარიამი.

მარიამმა რამდენიმე წლის წინ საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლა გადაწყვიტა და გურიიდან თბილისში გადმოვიდა. ის აქტიურადაა ჩართული ბევრ პროექტში,რომელიც შშმ პირთა ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება. მარიამი ფიქრობს,რომ  არასამთავრობო ორგანიზაციებმა,რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე მუშაობენ, თავად ისინი უნდა ჩართონ აქტიურად სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში.

„რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, მეც გავაგზავნე სივი რამდენიმე კომპანიაში, მაგრამ ვერ დავიწყე მუშაობა იმიტომ,რომ არ იყო ეს კომპანია ადაპტირებული. გასაუბრებაც მქონია, ამიყვანეს, მაგრამ მერე აღმოჩნდა,რომ უი აქ ხო ვერ ამოხვალ, იმიტომ რომ 7 სართულიან შენობაში მეხუთე სართულზეა და კიბეებზე შეუძლებელია ჩემი ასვლა“, – გვიყვება მარიამ გარაყანიძე.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებში, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, სიმონ პეტრიდისი ამბობს,რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანდათან იქმნება უკეთესი გარემო, თუმცა ეს ცვლილებები მეტ ძალისხმევას მოითხოვს.

„დასაქმების მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები, აბსოლუტურად შეიცვალა სახელმწიფო პოლიტიკა და გაჩნდა სუბსიდირების პროგრამები, რაც დამატებით მოტივაციას ქმნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის,რომ დაასაქმონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, თუმცა პრობლემად რჩება ადაპტირებული გარემო, რასაც საკმაოდ სერიოზული მუშაობა სჭირდება, ჩვენ გვაქვს პრობლემები იგივე საჯარო დაწესებულებების ადაპტირების მიმართულებით და ამას სჭირდება სპეციალური გამოცდილებაც“, – ამბობს სიმონ პეტრიდისი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებში, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ორგანიზაციის იურისტი, სოფიკო მენაბდიშვილი ამბობს,რომ შშმ პირთა უფლებების კუთხით პროგრესი შეიმჩნევა,თუმცა მიუხედავად ამისა მოსაგვარებელი საკითხებიც ბევრია.

„ჩვენი ქვეყანა არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციის მონაწილე ქვეყანა, შესაბამისად ჩვენ აღებული გვაქვს მთელი რიგი ვალდებულებები,რომელიც უკვე შესრულებული უნდა გვქონდეს,როგორც ამ კონვენციის მონაწილე ქვეყანას, თუმცა უნდა ითქვას,რომ ჩვენ ამ ვალდებულებების შესრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია. ეს ეხება ძალიან ბევრ მიმართულებას შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ეს იქნება ფიზიკური მისაწვდომობა, გეოგრაფიული მისაწვდომობა, თანასწორობა, დამოუკიდებელი ცხოვრების საკითხი,რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა შშმ პირთა უფლებებში, რომელიც გულისხმობს,რომ ამ ადამიანებისთვის უნდა არსებობდეს ისეთი გარემო, სადაც ისინი დამოუკიდებლად ყოველგვარი ბარიერების გარეშე შეძლებენ სხვებთან თანასწორად ცხოვრებას“, – განმარტავს სოფიკო მენაბდიშვილი, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტი.

მარიამი ახლა უნივერსიტეტს ამთავრებს, თუმცა მისი ცხოვრების მიზანი საერთაშორისო ურთიერთობების მწვერვალების მიღწევა არ არის. მისი ცხოვრების მთავარი მიზანი კვლავ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება და მათი ყოფის შემსუბუქება გახდა:

„ჩემი ცხოვრების მიზანი არის დავეხმარო სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, დავეხმარო იმაში,რომ იყვნენ უფრო თავდაჯერებულები და შეძლონ,რომ გაუმკლავდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებულ პრობლემებს“

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend