რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ძმა გვიან ღამით სამართალდამცველებმა მოსკოვში დააკავეს. „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი, ოლეგ ნავალნი და ფონდის იურისტი ლიუბოვ სობოლი, პოლიციამ 48 საათით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.
ოლეგ ნავალნი და ლიუბოვ სობოლი ეჭვმიტანილები არიან სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევის საქმეზე, რომელიც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად 23 იანვარს გამართული აქციების შემდეგ. 27 იანვარს პოლიციის და საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა სულ მცირე 15 ჩხრეკა ჩაატარეს. მათ შორის ალექსეი ნავალნის სხვა ახლობლების სახლებიც გაჩხრიკეს.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისას, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს დააკავეს , მეორე დღეს კი სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.ის მკურნალობას ბერლინში, შარიტეს კლინიკაში გადიოდა. საავადმყოფოს საბოლოო დასკვნის მიხედვით, ნავალნი “ნოვიჩოკის” სახის ნერვული ნივთიერებით იყო მოწამლული.
ოპოზიციონერი ლიდერის დაკავების ოფიციალურ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ მან დაარღვია ე.წ. ივ როშეს საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი მსჯვრით განსაზღვრული ვალდებულებები. თავად ნავალნის განცხადებით, მისთვის წაყენებული ყველა ბრალდება ყალბია.
კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსის მხარდამჭერები 31 იანვარს კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გამართავენ.