მთავარიკუბიუკრაინის თავდაცვის სამინისტრო ორი სოფლის გათავისუფლების შესახებ ცნობას ადასტურებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ორი სოფლის გათავისუფლების შესახებ ცნობას ადასტურებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ჰანა მალიარის ცნობით, სამხრეთის ფრონტზე უკრაინულმა არმიამ გაათავისუფლა ორი სოფელი – ბლაგადატნოე და მაკაროვკა.

ეს არის პირველი დადასტურებული ინფორმაცია უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნის მხრიდან გათავისუფლებული დასახლებული პუნქტის შესახებ კონტრშეტევის პერიოდში.

სოფელი ბლაგადატნოა ოკუპირებული ქალაქ მარიუპოლიდან 93 კილომეტრში მდებარეობს. სოციალურ ქსელ ფეისბუკზე, უკრაინის არმიის 68-ე ბრიგადამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სამხედროები უკრაინის დროშას აღმართავენ. ეს ვიდეო გადაღებულია ბლაგადატნოეში.

ორი სოფლის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა, თუმცა ამავდროულად, სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება კიდევ ერთი დასახლებული პუნქტის, ნესკუჩნაია გათავისუფლების შესახებ ცნობა, რომელიც ბლაგადატნაია და მაკაროვკასთან მდებარეობს.  სამივე დასახლებული პუნქტი მდებარეობს დონეცკის ოლქში.

ოფიციალურად რუსული მხარე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა აქტიურობენ რუსი სამხედრო ბლოგერები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა ტელეგრამარხმა რიბარმა დაწერა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, „თითქმის“ ბრძოლის გარეშე აიღეს ბლაგადატნოე და კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი ნესკუჩნაია. რიბარის თქმით, თვითგამოცხადებული დნრ-ს მებრძოლებმა უკან დაიხიეს, რათა უკრაინელებს ალყაში არ მოექციათ.

კონტრშეტევასთან დაკავშირებით განახლებული შეფასებას აქვეყნებს ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტი. მათი ცნობით, შაბათ-კვირას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაცია ჩაატარეს სულ მცირე სამი მიმართულებით და წარმატებებს მიაღწიეს, თუმცა თავდაცვის ხაზის  „გარღვევის“ შესახებ განცხადებები ჯერჯერობით ნაადრევია.

ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, უკრაინელებმა წარმატებას მიაღწიეს დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქში. ომის ინსტიტუტის თქმით, გათავისუფლებულია 4 სოფელი. რუსული წყაროებიც ადასტურებენ ამ ინფორმაციას, თუმცა ცდილობენ შეამცირონ უკრაინის არმიის წინსვლის მასშტაბი.

სხვადასხვა რუსული სამხედრო ტელეგრამარხი წერს, რომ ბრძოლები გრძელდება ე.წ. რუხ ზონებში, ანუ იმ ტერიტორიებზე, სადაც რუსული წყაროების ცნობით, რუს ჯარისკაცებს სრულყოფილად არ ეკავათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend