მთავარიკუბიდრონებით შეტევა მოსკოვზე - ინფორმაციას ქალაქის მერი ადასტურებს

დრონებით შეტევა მოსკოვზე – ინფორმაციას ქალაქის მერი ადასტურებს

30 მაისს, დილით მოსკოვში საცხოვრებელ სახლებს დრონები დაეჯახა. მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის ცნობით, რამდენიმე კორპუსიდან უსაფრთხოების მიზნით მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. გასულ დღეებში მასობრივი ავიაიერიშების ქვეშ მოხვდა უკრაინის დედაქალაქი კიევი.

 

სობიანინის თქმით, დაზიანება „უმნიშვნელოა” და ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები. აფეთქებების ხმა ისმოდა მოსკოვის ოლქშიც. გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოსკოვთან მიახლოებისას ჩამოაგდო რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი.

გასულ დღეებში მასობრივი ავიაიერიშების ქვეშ იყო უკრაინა. უკრაინის გენშტაბის განახლებული ინფორმაციით, 30 მაისს, ღამით უკრაინის მიმართულებით 31 დრონი კამიკაძე გამოიყენეს, რომელთაგან 29-ის მოგერიება უკრაინის საჰაერო ძალების სისტემამ კიევის მიმართულებით შეძლო.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ეს უკვე მესამე ავიაიერიშია კიევზე ბოლო სამი დღის განმავლობაში. დრონების ნაწილების ჩამოვარდნის გამო დაზიანებულია სახლები ქალაქის რამდენიმე უბანში. ერთგან მაღალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა სამი.

 

28 მაისს, კიევზე მასობრივი ავიაიერიშები დაიწყო. მაშინ უკრაინის შეიარღებულმა ძალებმა გაავრცელეს ცნობა, რომ უკრაინის მიმართულებით გამოიყენეს 54 კამიკაძე-დრონი, რომელთაგან 52 უკრაინის საჰაერო ძალებმა მოიგერია.

29 მაისს, კიევზე მოხდა ავიათავდასხმა დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით. არსებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა მოიგერია 40 საჰაერო ობიექტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend