მთავარიმსოფლიოკავკასიასომხეთი აზერბაიჯანს კვლავ შეთანხმებას სთავაზობს

სომხეთი აზერბაიჯანს კვლავ შეთანხმებას სთავაზობს

ერევნიდან კიდევ ერთი შეთავაზება გაისმა სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ, ბაქოდან კი  კონკრეტული პასუხი კვლავ არ ჩანს. პოლიტიკური კონკურენტების კრიტიკის მიუხედავად,  სომხეთის პრემიერი კიდევ ერთხელ სთავაზობს ბაქოს საბჭოთა კავშირის  დროინდელ საზღვრებში ერთმანეთის სუვერენიტეტის აღიარებას.  ანუ, ფაშინიანი ყარაბაღზე ბაქოს კონტროლს თანხმდება, თუმცა სომხეთის სუვერენიტეტის დაცვისა და ეთნიკურად სომხეთის უფლებების მოფრთხილების პირობით.

ფაშინიანის მორიგ შეთავაზებას უკვე მოჰყვა უარყოფითი რეაქცია ე.წ. არცახის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტიდან.  სტეფანაკერტში  აცხადებენ, რომ ფაშინიანის განცხადებამ გამოიწვია „ბრაზი და აღშფოთება არცახის რესპუბლიკაში“. ბაქოც არ ჩქარობს კონკრეტულ შეთავაზებებს დათანხმდეს, თუმცა ლიეტუვაში ჩასულმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო განაგრძობს კონსტრუქციული ძალისხმევის გაწევას სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოსაწერად, რომელიც საერთაშორისო ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს.

დიალოგი ერთდროულად რამდენიმე ფორმატში მიმდინარეობს. ანალიტიკოსების აზრით, სომხეთმა ბოლო დროს პოლიტიკური კურსი შეიცვალა და დასავლეთისკენ იხრება. ამაზე მეტყველებს ის, რომ ფაშინიანი უკვე თამამად საუბრობს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის დატოვების ალბათობაზე, უარს ეუბნება ამ ორგანიზაციას მის ტერიტორიაზე წვრთნების ჩატარებაზე, კონსულტანტად აჰყავს ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ, ერევანი მყისიერად აცხადებს, რომ რატიფიცირება უნდა გაუკეთოს რომის სტატუსს.  თუმცა, ამავდროულად დიალოგი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმე ფორმატში მიმდინარეობს.  მხარეები ერთმანეთს ხვდებიან ბრიუსელშიც, მოსკოვშიც და ვაშინგტონშიც და პრემიერი ფაშინიანი არც ვლადიმერ პუტინის მიერ 9 მაისის აღნიშვნას აკლდება.

ისტორიკოს ბექა კობახიძეს მიაჩნია,  რომ ფაშინიანის ამგვარი პოლიტიკა საფრთხეებისგან დაზღვევის მცდელობაა.

ფაშინიანს კონფლიქტის დარეგულირებით გათავისუფლება უნდა ერთის მხრივ აზერბაიჯანის შესაძლო აგრესიისგან და მეორეს მხრივ რუსეთისგანაც. თუ ყარაბაღის საკითხი დარეგულირდა, ფაქტობრივად არგუმენტი აღარ რჩება, თუ რატომ უნდა დარჩეს სომხეთი რუსეთის გავლენის ზონაში… საგარეო პოლიტიკაში სრული სტრატეგიული ცვლილება ვერ იქნება, თუ ყარაბაღის კონფლიქტი ისევ სახეზე გვექნა.  სანამ არსებობს აზერბაიჯანთან ომის განახლების ალბათობა, მანამდე სომხეთს მოუწევს საბაზისო რესპექტაბელური ურთიერთობების შენარჩუნებას რუსეთთან..“ – ამბობს ბექა კობახიძე.

რას მისცემს საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ხანგრძლივი სამხედრო კონფლიქტის დარეგულირება? ანალიტიკოსთა ნაწილი ჯერ კიდევ 2020 წელს, როცა  რუსეთის შუამავლობით სამშვიდობო ხელშეკრულება ფორმდებოდა, აცხადებდა, რომ აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს შორის მშვიდობა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება საქართველოს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებდა. თუმცა, ანალიტიკოსთან მეორე ნაწილი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. რონდელის ფონდის მკვლევარს ზურაბ ბატიაშვილს მიაჩნია, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოსთვის ძალიან მომგებიანი იქნება და ის წლები, რაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ  მეზობელმა ქვეყნებმა ომს მოანდომეს, ეკონომიკური პერსპექტივების ჭრილში- დაკარგული დროა.

„შეიძლება ვინმემ თქვას, რომ თუ იქ გზა გაიხსნება, ნახიჩევანთან დამაკავშირებელი გზა და შემდეგ უკვე თურქეთ-აზერბაიჯანის გზა, ეს საქართველოზე უარყოფითად იმოქმედებს. ჩვენ არ უნდა ვუყუროთ ამას მოკლევადიან პერსპექტივაში, როგორც ერთჯერად ნაბიჯს. როცა ნებისმიერი ჩინოვნიკი თუ ბიზნესმენი დასავლეთიდან მთლიან რეგიონს უყურებს, მაშინ ის აფასებს რისკებს მთლიან რეგიონში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე. თუ ეს რისკები მოიხსნა, თუ ის სირთულეები აღმოიფხვრა რაც ჩვენს მეზობლებს შორის არის, მაშინ ეს საქართველოსთვისაც ძალიან კარგი იქნება როგორც ინვესტიციების მოზიდვის, ასევე პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისითაც“, – ამბობს ზურაბ ბატიაშვილი.

მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით სამშვიდობო ზავი რუსეთის შუამავლობით 3 წლის წინ გაფორმდა, თუმცა, ამან რეგიონში მშვიდობა ვერ მოიტანა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეტაპობრივად შეტაკებებია, რასაც ეწირებიან ადამიანები…   გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის გახსნა ამ დრომდე არ უზრუნველყო.  სომხეთის  მთავრობა ამას ეთნიკური წმენდის მცდელობად აფასებს, აზერბაიჯანის  პრეზიდენტი კი არ მალავს, რომ  სურს- მის მიერ დაბრუნებულ ყარაბაღში მცხოვრებმა ეთნიკურად სომხებმა აზერბაიჯანის დროშის ქვეშ იცხოვრონ და ამ რეალობას შეეგუონ…

სოფო მაქაცარია

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend