მთავარისაქართველოროგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 პირობას

როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 პირობას

რვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით შეფასების ერთობლივი დოკუმენტი, სტატუსმეტრი მოამზადა.

დოკუმენტის მიხედვით, ამ ეტაპზე შესასრულებელია ევროკავშირის ხუთი პირობა, სრულად ერთი პირობა შესრულდა, ნაწილობრივ ოთხი, ხოლო დიდწილად  ორი.

შესასრულებელ პირობებს შორისა დეოლიგარქიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეპოლარიზაცია, ასევე მედია და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას, დოკუმენტში წერია, რომ ვენეციის კომისიამ კანონპროექტში მნიშვნელოვანი ხარვეზები დაინახა.

კომისიის რეკომენდაციით, არსებულ პროექტს, რომელიც პერსონალურ მიდგომას ეფუძნება, სისტემური ტიპის მიდგომა სჯობს. ასევე დოკუმენტის მიხედვით, კანონი შესაძლოა, ვენეციის კომისიის მოსაზრების სრულყოფილად გათვალისწინების გარეშე იყოს მიღებული.

რაც შეეხება დამოუკიდებელ სასამართლოს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი არ მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ აურჩევია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები.

დოკუმენტში მედიის დამოუკიდებლობაზეცაა ყურადღება გამახვილებული და წერია, რომ  5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არ არიან დასჯილები. ასევე, დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში მედიას ხელი ეშლება თავისუფლად საქმიანობაში პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცემული ახალი არაკონსტიტუციური ბრძანების შედეგად.

ნაწილობრივ შესრულდა, თუმცა პრობლემად დარჩა საგაზაფხულო სესიაზე სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა და სახალხო დამცველად მოქმედი პოლიტიკოსის არჩევა.

ასევე დოკუმენტში საუბარია საარჩევნო და ინსტიტუციურ რეფორმებზე და აღნიშნულია, რომ  ცესკოს თავმჯდომარე არ არის არჩეული პარლამენტის 2/3-ით და ის დროებით ინიშნება. ამას გარდა, დოკუმენტის მიხედვით, გამოწვევად რჩება ის, რომ ახლად შექმნილ ანტიკორუფციულ ბიუროს საგამოძიებო ფუნქციები არ აქვს.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 31 მარტიდან 30 აპრილამდე საგრძნობი პროგრესი არ შეიმჩნევა. მათივე თქმით, დაახლოებით, ოთხი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend