მაშინ როცა საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ელოდება და მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრება სურს – რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს და საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის ბრძანებას გასცემს.
ვლადიმერ პუტინის ამ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტმა მორიგი რუსული პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია.
„მოვუწოდებ ხელისუფლებას – დროა, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს. დროა, რომ რაც არაერთხელ მოვითხოვე – შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო, შეიკრიბოს საჯაროდ და განხილული იყოს 3-თვიანი ვიზების დაწესება, რაც საჭირო არის ჩვენთვის, თუნდაც შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე
ეს არ არის მხოლოდ ის საკითხი, რომელიც ეწინააღმდეგება კანდიდატის სტატუსის მიღებას, ესეც მაფიქრებს, მაგრამ ეს, პირველ რიგში, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, საქართველოს ღირსებას.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად დგას ეს ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, რომლის ტერიტორიებიც არის ოკუპირებული და რომელიც არის სოლიდარული ჩვენი უკრაინელი მეგობრების. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ პოზიციის ერთგულნი უნდა ვიყოთ, უნდა ვიყოთ ბოლომდე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და დარწმუნებული ვარ თუ სხვანაირად მოხდა და დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება, საზოგადოებასაც ექნება ამაზე პასუხი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტის ბრძანება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მალევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ თავი აღარ შეიკავონ საქართველოში ჩამოსვლისგან. რუსეთთან უვიზო რეჟიმი 15 მაისიდან ამოქმედდება და საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს საქართველოს ეკონიმიკის სამინისტროში.
„ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობა, მათი კეთილდღეობა და ყველაფერი ის, რაც ემსახურება მათ ეკონომიკურ გაძლიერებას და კეთილდღეობას. რა თქმა უნდა, აქვე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ ჩვენის ქვეყნის მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მათ მოგზაურობას საქართველოში, მათ კავშირს სამშობლოსთან და, რა თქმა უნდა, გაუმარტივებს მათ ოჯახის წევრებსაც ჩვენს ქვეყანასთან კავშირსაც.
რაც შეეხება პირდაპირ ფრენებს ზოგადად რუსეთის ფედერაციიდან – დღევანდელი დღის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციიდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება არაერთი ქვეყნის მიმართულებით , მათ შორის არის ისრაელი, გაერთიანებული არაბთა საამიროები, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. ძალიან მკაფიოდ გვსურს დავაფიქსიროთ პოზიცია, რომ საქართველოში არ იოპერირებს არცერთი ავიაკომპანია და არცერთი ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული. რაც შეეხება არასანქცირებულ ავიაკომპანიებს და ხომალდებს, მათ, რა თქმა უნდა, ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოს მიმართულებით”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.
განცხადება გაავრცელა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომაც. უწყების განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ რუსული ავიაკომპანიები მოსკოვიდან თბილისში და პირიქით კვირაში შვიდჯერ იფრენენ.