ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიინისტო სამშაბათს ბრიუსელში გაემგზავრება, რათა ნატო-ს შტაბ-ბინაში გაწევრიანების ცერემონიას დაესწროს, რომელიც ოფიციალურად აღნიშნავს ქვეყნის სამხედრო ალიანსში წევრობის დაწყებას.
„ფინეთი 4 აპრილს, ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებაში გაწევრიანების დოკუმენტს შეიტანს. დოკუმენტს საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო შეიტანს“, – ნათქვამია ფინეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.
განცხადება დაადასტურა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც. მისი თქმით, ფინეთის ნატოში გაწევრიანების აღსანიშნავად დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართება.
„ჩვენ პირველად ავწევთ ფინეთის დროშას აქ ნატო-ს შტაბ-ბინაში. ეს კარგი დღე იქნება ფინეთის უსაფრთხოებისთვის, სკანდინავიური ქვეყნების უსაფრთხოებისთვის და მთლიანად ნატო-სთვის“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.