ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება არ უმჯობესდება. სააგენტოს დირექტორმა რაფაელ გროსიმ ამის შესახებ ატომურ სადგურზე მორიგი ვიზიტის დროს ისაუბრა. როგორც ცნობილია, ატომური ელექტროსადგური რუსეთს უკვე წელიწადზე მეტია, უკავია.
გროსი ობიექტის ირგვლივ დემილიტარიზებული ზონის შექმნას მოითხოვდა, რადგან ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია ხშირად იბომბებოდა. თუმცა ახლა იგი მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გამახვილდეს კონკრეტულად დაწესებულების უსაფრთხოების დაცვაზე. ეს კი, მისი აზრით, მისაღები იქნება ორივე მხარისთვის.
რაფაელ გროსის თქმით, მთელ რეგიონში იზრდება სამხედრო აქტივობა, ამიტომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ და მიიღონ ზომები, რათა სადგურზე თავდასხმა არ მოხდეს და იყოს დაცული. იგი ცდილობს, ორივე მხარისთვის მისაღები და რეალური წინადადებები წარადგინოს.
რაფაელ გროსი ამბობს, რომ რადიოლოგიური შედეგების მქონე ბირთვული ავარია არავის დაინდობს და ყველას შეეხება, იქნება ეს რუსეთი, უკრაინა თუ ევროპის რეგიონები.
შესაბამისად, მათი მიზანია ამ კატასტროფის თავიდან აცილება. იგი ოპტიმისტურად არის განწყობილი და სჯერა, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია.
ომის მიმდინარეობისას ელექტროსადგური რამდენჯერმე გახდა თავდასხმის სამიზნე, თუმცა რეაქტორების დაზიანების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. დაბომბვაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.
ატომურ ელექტროსადგურს არაერთხელ შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ელექტროენერგია კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეაქტორების გასაგრილებლად.