პარლამენტში ე.წ. აგენტების კანონპროექტის განხილვების პარალელურად “დინამო თბილისმა” ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და რომ საფრთხედ მიიჩნევენ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ამ გზას გადაუხვევს.
ასევე განცხადება გამოაქვეყნა საფეხბურთო კლუბმა „გაგრამ”.
“შეუძლებელია გაგრას ევროპული არჩევანი არ გააჩნდეს. რადგან მხოლოდ ევროპულ ოჯახშია შესაძლებელი მოგვშორდეს დევნილობის მძიმე ტვირთი. რადგან მხოლოდ ევროპაა გზა ჩვენი მიწიდან ოკუპანტის განდევნის.
რადგან მხოლოდ ევროპაა გზა – ერთ მშვენიერ დღეს, დავბრუნდეთ ჩვენს სახლში, გაგრაში და მეტოქეებს საკუთარ არენაზე ვუმასპინძლოთ. რადგან თავად საქართველოა ევროპა” – ვკითხულობთ პოსტში.
„ევროპა ჩვენი არჩევანია”, – ასეთი წარწერით პოსტერი გამოაქვეყნა ზესტაფონის საფეხბურთო კლუბმა.
ფეისბუკგვერდზე პოზიცია გამოხატა საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივის დირექტორმა გიორგი ყიფიანმა. “თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი და ფასეული ღირებულება არ არსებობს! სწორედ ამ ღირებულებაზე დაყრდნობით და მასზე შეთანხმებით უნდა ხდებოდეს ყველა მოქმედება რომელსაც სახემწიფო განახორციელებს. იქნება ეს კანონის ცვლილება თუ კონკრეტული რეფორმა. – არ აქვს მნიშვნელობა… არა რუსულ კანონს და საერთოდ ყველაფერ რუსულს!”, – წერს ყიფიანი.
და ასევე ფეისბუკზე კომენტარი გააკეთა ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ, რომელმაც პოსტი დაახლოებით 18 საათის წინ დაიდო და ფეისბუკზე 23 ათასზე მეტი მოწონება დაიმსახურა.
სოციალურ ქსელში სულ უფრო ხშირად იყენებენ ჰეშთეგს #არარუსულკანონს, რომელიც უკვე 5 ათასზე მეტ პოსტში გამოიყენეს.