მთავარისაქართველოკანონი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ - რას ნიშნავს პრეზიდენტის ვეტო

კანონი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ – რას ნიშნავს პრეზიდენტის ვეტო

„უცხოური გავლენის აგენტების“ კანონის შესახებ პარლამენტში დაწყებულ დისკუსიებს საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება.

სწორედ  პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო  დამტკიცების შემთხვევაში კანონის ძალაში შესასვლელად, თუმცა როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს ის ამ კანონს  აუცილებლად დაადებს ვეტოს.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს: „კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა იხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში, ვეტოს ყოველ შემთხვევაში დავადებ. მე არ მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ის მუხლი ან ეს მუხლი არ ვარგა. ეს კანონი პირდაპირ არის მიღებული იმისთვის, რომ დაგვაშოროს ევროპისგან და ამდენად, ჩემთვის არის მიუღებელი”.

კონსტიტუციის მიხედვით, თუ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს, მან  პარლამენტს დოკუმენტი მოტივირებული შენიშვნებით უნდა დაუბრუნოს, რომელსაც პარლამენტი ან გაითვალისწინებს ან არა.

თუ პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა, მაშინ კანონის პირვანდელ ვერსიას კვლავ უნდა ეყაროს კენჭი და მას მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.

თუმცა, აქამდე ჯერ შორია. ჯერ ისიც არ არის გადაწყვეტილი  კანონპროექტის რომელი ვერსია იქნება საბოლოო.

„ქართული ოცნებიდან“ გამიჯნულმა დეპუტატთა ჯგუფმა, „ხალხის ძალამ ბიუროზე კანონპროექტის ორი ვერსია წარადგინა.

ჯგუფი ამბობს, რომ მეორე ვერსია ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანია. სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის დედაქალაქიდან კი კრიტიკული განცხადებები არ წყდება.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ნედ პრაისი ამბობს: „შემოთავაზებული კანონი საქართველოს იმ მოქალაქეების დამოუკიდებელი ხმების სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს, რომლებიც მოწოდებულები არიან თავიანთი თემებისთვის უკეთესი მომავლის მშენებლობაზე და მიგვაჩნია, რომ ეს ასეა – მიგვაჩნია, რომ ასეთმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ევროატლანტიკური მისწრაფებები, რომელსაც ქართველი ხალხი ასე მკაფიოდ გამოხატავს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. სინამდვილეში, კანონმდებლობას, რომელსაც ვკითხულობთ, როგორც ჩანს, ფესვები აქვს რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობაში და არა ამერიკულ კანონმდებლობაში”

მიუხედავად იმისა,  თუ რას ამბობენ ვაშინგტონში,  საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა ნაწილი მაინც ჯიუტად მიუთითებს, რომ ეს  წამოწყება ამერიკული პრაქტიკის გაზიარებაა.

თუმცა არავინ საუბრობს იმაზე, თუ რამდენად შეიძლება მიესადაგებოდეს  დემოკრატიის მხრივ სამაგალითო  და მდიდარი ფინანსური რესურსის მქონე  სახელმწიფოს კანონმდებლობა იმ ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებას, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაც კი, მეტწილად უცხოურ გრანტებზეა დამოკიდებული.

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს შორის არსებითი სხვაობა ის არის, რომ პირველი ვერსია მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება და უცხოური  გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. მეორე ვერსია კი ფიზიკურ პირებსაც ეხებათ და ამ დოკუმენტის მიხედვით უცხოური გავლენის აგენტები ვალდებულნი არიან პირდაპირ გენერალურ პროკურორს გააგებინონ თავისი აგენტობის ამბავი.

დეპუტატები აპირებენ, რომ შერჩეული კანონპროექტი ვენეციის კომისიასაც გადაუგზავნის, თუმცა მმართველი პარტიის თავმჯდომარის 27 თებერვლის განცხადების მიხედვით, ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გაგზავნა ვერ იქონიებს გავლენას მის მიღება არ მიღებაზე.

მას შემდეგ რაც „ხალხის ძალამ“ ამ კანონის შესახებ დისკუსია წამოიწყო, ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ყოველდღიურად აკრიტიკებენ მის მიზანსა და შინაარსს.

თავიდანვე ითქვა,რომ ქვეყნის იმიჯსა და დემოკრატიის ხარისხს ამ საკითხზე დისკუსიაც კი დააზიანებდა.

წამოწყება გააკრიტიკა ევროკავშირმა, გაერომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თუმცა ამ ფონზე ამ წამოწყებას მაინც აქვს მმართველი გუნდის სრული მხარდაჭერა.

სოფო მაქაცარია

 

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend