557 ხმით 33-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ ჰუმანიტარული მიზნით გაათავისუფლოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რათა მან უცხოეთში სათანადო მკურნალობის მიღება შეძლოს.
რეზოლუციაში წერია, რომ სააკაშვილის საკითხი და ხელისუფლების ქმედებები არის ლაკმუსის ტესტი იმის დასადგენად, თუ რამდენად იზიარებს ხელისუფლება ევროპულ ღირებულებებს და რამდენად ერთგულია იმ გადაწყვეტილებისა, რომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
რეზოლუციის თავდაპირველ ტექსტში შევიდა შესწორება, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილის პატიმრობა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პერსონალური შურისძიების ნაწილია. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საბჭოს და პარტნიორებს რომ განიხილონ ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება „იმ როლისთვის, რომელიც მას მიუძღვის საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში“.
მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს მის ხელთ არსებული უფლებამოსილება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. მათი მოსაზრებით, ეს შეამცირებს ქვეყანაში პოლარიზაციას.
ეს უკვე ევროპარლამენტის მიერ მიღებული მეორე რეზოლუციაა, რომლიც მოუწოდებს ბრიუსელს სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს. პირველი რეზოლუცია ამავე მოწოდებით 2022 წლის დეკემბერში დაამტკიცეს.