მუდმივი რუსული დაბომბვის გამო მაშველები ცდილობენ, ავადმყოფი და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეები გაიყვანონ ქალაქ ავდიივკიდან, რომელიც უკრაინაში, დონეცკის რეგიონში, მდებარეობს. გასულ უქმეებზე რუსმა სამხედროებმა კვლავ დაბომბეს ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის იგორ კონაშენკოვის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის დაჯგუფებამ 250-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი, 12 ერთეული ტექნიკა და საარტილერიო საბრძოლო მასალების საცავი გაანადგურა.
თავის ყოველდღიურ მიმართვაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ენერგოსისტემის თანამშრომლებს დაუღალავი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
ქალაქ ბახმუტშიც გრძელდება მძიმე შეტაკებები. რუსეთი ფრონტის ხაზზე „ვაგნერის“ დაჯგუფების მებრძოლებს აგზავნის. თუ უკრაინელი სამხედროები ბახმუტს დათმობენ, რუსულ საოკუპაციო ძალებს საშუალება მიეცემათ, უფრო დიდი ქალაქებისკენ -კრამატორსკისა და სლოვიანსკისკენ დაიძრან.