მთავარისაქართველოევროპულმა სასამართლომ 5 ივლისის საქმის განხილვა დაიწყო

ევროპულმა სასამართლომ 5 ივლისის საქმის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 5 ივლისის საქმის განხილვა დაიწყო და საქართველოს ხელისუფლებას უკვე გამოუგზავნა საქმესთან დაკავშირებული კითხვები. სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს ხელისუფლებისგან აინტერესებს:

  • 5 ივლისის მოვლენების დროს სახელმწიფო ორგანოებმა მიიღეს თუ არა პრევენციული ზომები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაზარალებულების დაცვას კერძო პირების თავდასხმისგან?
  • გაამწვავა თუ არა პრაიდის მარშთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებებმა 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობა?
  • ჩაატარეს თუ არა კომპეტენტურმა შიდასახელმწიფოებრივმა ორგანოებმა ეფექტიანი გამოძიება ძალადობრივი ინციდენტების სავარაუდო წამქეზებლებთან მიმართებაში?

მტკიცებულებითი ნაწილი ამ საქმის და დოკუმენტები, რაც ჩვენ წარვადგინეთ სრულად ასახავს იმ რეალობას რაც მოხდა 2021 წლის 5 ივლისს. რაც შეეხება ამ მტკიცებულებათა შეფასების ნაწილს, ეს არის უკვე საქმის განხილვის შემდგომი სტადია. ამ შეფასებაში შევა სასამართლო მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსგან მიიღებს საპასუხო დოკუმენტაციას“, – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის იურისტი, დავით ჯავახიშვილი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მედიის 16 წარმომადგენლის სახელით საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 ივნისს გაგზავნა. საჩივარში საია დავობს, რომ ხელისუფლებამ 2021 წლის 05 ივლისს ვერ მოახერხა ძალადობის თავიდან არიდება და მომხდარზე შესაბამისი რეაგირება.

„ჩვენ ვადასტურებთ დოკუმენტაციით და იმ მტკიცებულებებით, რომ აქ იყო ყოველგვარი სტანდარტი იმისთვის, რომ კონკრეტული პირებისადმი დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა, თუმცა სახელმწიფომ ეს არ განახორციელა. მტკიცებულებებით დასტურდება ის, რომ ორგანიზატორთა პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო და დღესაც კი დღის წესრიგში არ არის. უფრო მეტიც, მოიხსნა კონკრეტულ პირთა მიმართ ორგანიზებული ძალადობის ნაწილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეში. იმიტომ, რომ ეს არ იყო უბრალოდ ძალადობა, ეს იყო კარგად ორგანიზებული თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე“, – აცხადებს დავით ჯავახიშვილი.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქართველოს ხელისუფლებამ საქმეზე არსებულ კითხვებზე პასუხები 9 მაისამდე უნდა გაუგზავნოს. თუმცა როგორც “საიას” იურისტი განმარტავს, სახელმწიფოს აქვს უფლება პასუხების გასაცემად მეტი დრო მოითხოვოს.

გიორგი ბოლქვაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend