უკრაინაში, დონეცკის რეგიონის ქალაქ სივერსკში, ადგილობრივი მოსახლეობა გამუდმებული დაბომბვის დროს დაზიანებული შენობების სარდაფებს აფარებს თავს.
მოქალაქეების უმეტესობამ ქალაქი რამდენიმე თვის წინ დატოვა. დაახლოებით 100-ამდე მოსახლემ კი დარჩენა გადაწყვიტა.
ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი. ადგილობრივებს უჭირთ თავის რჩენა.
გასათბობად ტოტებსა და შეშას აგროვებენ. სივერსკის მკვიდრნი სასოწარკვეთილ მდგომარეობამდე არიან მისული. ისინი თვლიან, რომ უბრალო ადამიანების ბედი არავის აღელვებს.
12 იანვარს სივერსკში მარიუპოლის კაპელანთა ბატალიონის მოხალისეები ჩავიდნენ და ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს მოსახლეობას. მათ ჩაიტანეს საშობაო საჩუქრები, სანთლები, საკვები და მედიკამენტები.
მარიუპოლის კაპელანთა ბატალიონის მოხალისე ოლექსი ამბობს, რომ მოსახლეობას აქ ყველაფერი სჭირდება: ტუალეტის ქაღალდი, საკვები, ტანსაცმელი, გასათბობი საშუალებები, პატარა ღუმლები, ფანრები.
ნადია ზაბავსკა და მისი მეუღლე ვიქტორი ცდილობენ, ცხოვრება გააგრძელონ. ისინი თავს აფარებენ ბნელ სარდაფს, რომელსაც თავიანთ სახლად თვლიან.
სადღესასწაულო განწყობისთვის ჯერ კიდევ უკიდიათ საშობაო დეკორაციები. მიუხედავად ყოველდღიური დაბომბვისა, ნადიას იმედი აქვს, რომ მათ ასეთ ყოფასაც მალე მოეღება ბოლო, მშვიდობა დამყარდება და უკრაინელი სამხედროები რუსებს ტერიტორიიდან გააძევებენ.
სივერსკი მარილის საბადოთი ცნობილი სოლედარიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მის აღებას რუსული ძალები გამუდმებული და სასტიკი შეტევებით ცდილობენ.