უკრაინის შეიარაღებული ძალების 28 – ე ბრიგადის ჯარისკაცები დონბასის რეგიონში, დონეცკის ოლქში მძიმე ბრძოლებში მონაწილეობენ.
უკრაინელ სამხედროთა თქმით, ფრონტის ხაზზე ვითარება რთულია, ოკუპანტები განუწყვეტლივ ბომბავენ უკრაინელი ჯარისკაცების სანგრებს, 28 – ე ბრიგადა კი საპასუხო ცეცხლს 120 მილიმეტრიანი ყუმბართმყორცნებით ხსნის.
„ფრონტის ხაზზე ვითარება რთულია, დაბომბვა გრძელდება, მტერი განუწყვეტლივ გვბომბავს, ბევრს ისვრიან, ყველაფერს რასაც დაინახავენ ესვრიან, ჩვენსავით არ ისვრიან, ჩვენ ყველა ჭურვს ვითვლით, ვცდილობთ რესურსი დავზოგოთ“, – ამბობს უკრაინელი მებრძოლი
აღმოსავლეთი უკრაინაში, დონეცკის ოლქში მდებარე სოლედარი რუსი და უკრაინელი სამხედროების შეტაკების ერთ-ერთი ეპიცენტრია.
რუსული არმია ქალაქს სამხედრო საჰაერო ძალებით, სარაკეტო და საარტილერიო ძალებით ბომბავს.
უკრაინელ სამხედროთა თქმით, ოკუპანტები პირველად „ვაგნერის“ ჯგუფის სამხედროებით უტევენ, უკრაინული არმიისა და მისი თავდაცვითი ზღუდეების შესუსტების შემდეგ კი ბრძოლაში უკვე რეგულარული არმიის სამხედროები ერთვებიან.
სოლედარის დაცემა ომის გადამწყვეტი მოვლენა არ იქნება, მაგრამ ეს კრემლისთვის თვეების განმავლობაში პირველი გამარჯვება იქნება.
სოლედარისა და ბახმუტის აღების შემთხვევაში ოკუპანტებს დონეცკის ოლქის მთლიანად დაპყრობისკენ გზა ეხსნებათ.