მთავარისაქართველოპარლამენტში კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით განიხილეს

პარლამენტში კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ” მეორე მოსმენით განიხილეს

პირველი მოსმენიდან ორი კვირის თავზე, პარლამენტმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განიხილა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ. კანონი, რომელიც მხოლოდ უკრაინაში არსებობს, საქართველოში მისი ზუსტი ასლით, ცვლილებებისა და ჩვენი ქვეყნის რეალობაზე მორგების გარეშე მიიღება.

„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები, რომლებიც ამ კანონპროექტის ავტორებიც არიან ამბობენ, რომ თუ კანონმა უკრაინაში იმუშავა, საქართველოშიც გამოდგება. თუმცა, მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებთან დაკავშირებული პირების მიმართ იმოქმედებს.

“კანონი მისი პირდაპირი ასლით გადმოვიტანეთ, რომ სპეკულაციებს არ ჰქონოდა ადგილი. იმიტომ რომ, როდესაც უკრაინამ მიიღო, ყველა ტაშით შეხვდა. კითხვაზე – თუ უკრაინაში არის წარმატებული და კარგი, რატომ იგივე არ იქნება საქართველოში, ჩვენ პასუხი ვერ მივიღეთ. ოპოზიციას მხოლოდ სურს, რომ ყველაფერი შეეხოს ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. ამ ბატონებს და ქალბატონებს სურთ, რომ მხოლოდ ამ ადამიანის მიმართ გატარდეს რაიმე სადამსჯელო ღონისძიებები და მხოლოდ მაშინ იქნება მოსაწონი კანონი. სხვა შემთხვევაში კი არ მოსწონთ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.

ოპოზიციის უმრავლესობა მიდგომას სრულად უწუნებს „ქართულ ოცნებას“. მათი თქმით, უკრაინაში სხვა ვითარებაა, საქართველოში კი მხოლოდ ერთი პირი – ბიძინა ივანიშვილია ოლიგარქობის კანდიდატი, ვისაც მოქმედ ხელისუფლებაზე აქვს გავლენები.

მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, კანონის მიღება საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ქვეყნის მართვის პროცესში ოლიგარქიული გავლენები შეწყდეს და ევროკავშირის ეს რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვალოს.

“კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა არის დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულება. რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია ამაზე არაერთხელ გვითხრა ევროკავშირმა, ჯერ რეზოლუციით, შემდეგ ევროკომისიის გადაწყვეტილებით და ახლა იმ ანგარიშით, რომელიც რამდენიმე კვირაში ევროპარლამენტის მიერ განიხილება. შესაბამისად, თუ “ოცნებას” ვინმეს მოტყუება სურს, ვერავის მოატყუებს, ჩვენი მიზანი უნდა იყოს დეოლიგარქიზაციის ვალდებულების სრულად შესრულება. მარტო კანონზე არ არის საუბარი, ცალკე კანონი ამას ვერ უზრუნველყოფს, რეალურად დეოლიგარქიზაცია მიიღწევა მხოლოდ სისტემური რეფორმებით მართლმსაჯულების, საგამოძიებო, საარჩევნო სისტემაში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ უნდა გვესმოდეს რისკი, რასაც ქმნის ფასადური და ზოგიერთ შემთხვევაში, ფასადურიც კი რომ არ არის ისეთი ე.წ. რეფორმების გატარებით, „ქართული ოცნება“ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს, პასუხისმგებლობა კანდიდატის სტატუსის ვერმიღებაზე სრულად “ოცნების” კისერზე იქნება”, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა.

პარლამენტში გამართული ორი მოსმენის შემდეგ, კანონპროექტის კანონად მიღებისთვის, გადამწყვეტი კენჭისყრაა დარჩენილი. კანონპროექტში წერია, რომ ოლიგარქად შეფასებისთვის 4 მთავარი კრიტერიუმი იქნება – პირი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ფლობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, აქვს მონოპოლიურ-დომინანტური მდგომარეობა კონკრეტულ სამეწარმეო სფეროში და ფლობს ეკონომიკურ ბერკეტებს და მეოთხე – მისი აქტივები მილიონჯერ მაინც აღემატება ქვეყანაშ არსებულ საარსებო მინიმუმს. ოლიგარქად შეფასდება პირი, რომელიც ოთხიდან სამ კრიტერიუმს ერთდროულად აკმაყოფილებს.

ასეთ პირს, გარკვეული ფინანსური აქტივობები ეზღუდება. კერძოდ, პოლიტიკური პარტიების ფინანსური ან სხვა მატერიალური ფორმით მხარდაჭერა, ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში მყიდველად ყოფნა, ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა.

პროექტის მიხედვით, “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონი ამოქმედებიდან 10 წლის გასვლისთანავე ძალას დაკარგავს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend