უკრაინაში რუსული ჯარების მეთაური, გენერალი სერგეი სუროვიკინი აცხადებს, რომ სამხრეთის ფრონტის ხაზზე მდგომარეობა რთულია.
“უკრაინის ჯარების ნატოს სამხედრო მეთაურობა კიევისგან სამხრეთის ფრონტის ხაზზე შეტევას ითხოვს. მათ არ ადარდებთ, თუ რა დანაკარგის ფასად მოხდება ეს, ამას მოქალაქეებიც შეეწირებიან. გვაქვს ინფორმაცია, რომ კიევი აკრძალული სამხედრო მეთოდების გამოყენებას აპირებს, მათ შორის ქალაქ ხერსონზე მასშტაბური სარაკეტო იერიშის მიტანას“, – აცხადებს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალი სერგეი სუროვიკინი.
ხერსონის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მეთაური ვლადიმირ სალდო კი ევაკუაციის დაწყების შესახებ იუწყება. მისი თქმით, რეგიონში მდებარე ოთხი დასახლებიდან მოსახლეობის გაყვანა უკვე დაწყებულია.
“არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება. მე ვაცხადებ სავალდებულო ევაკუაციას ბერისლავის, ბილოზერკის, ველიკა ოლექსანდრივკისა და სნიჰურივკის დასახლებებიდან. პროცესს უზრუნველყოფს ჩვენი ადმინისტრაცია“, – განაცხადა ხერსონის საოკუპაციო რეჟიმის მეთაურმა ვლადიმირ სალდომ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი ამბობს, რომ მოსკოვის მიერ ირანული წარმოების სამხედრო დრონების გამოყენება კრემლს ამ ომში გამარჯვებას ვერ მოუტანს.
“უნდა გვახსოვდეს, რომ მოსკოვის მიერ თეირანისთვის სამხედრო დახმარების მიზნით მიმართვა კრემლის პოლიტიკური და სამხედრო კრიზისის დასტურია. მათ ამ წლების განმავლობაში მილიარდობით დოლარი დახარჯეს სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის შექმნის მიზნით და ახლა კი თეირანის დახმარების იმედად არიან დარჩენილი. სტრატეგიული თვალსაზრისით, მათ ეს ვერ დაეხმარება, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის ნიშანია, რომ კრემლი დამარცხებისკენ მიმავალ გზას ადგას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინული არმიის შეტევა სამხრეთის ფრონტის ხაზზე გრძელდება.