მთავარიკუბიალექსანდრ ლუკაშენკას ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა - შეფასებები

ალექსანდრ ლუკაშენკას ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა – შეფასებები

საქართველოში მყოფი დიპლომატები გამოეხმაურნენ ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკას ჩასვლას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მათ შორის არის დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი.

“ლუკაშენკას ვიზიტი აფხაზეთში არის გაეროს ქარტიის, ჰელსინკის აქტის პრინციპების, საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფის დემონსტრაცია. გაერთიანებული სამეფო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, ამ მორიგი პროვოკაციის ფონზე”.

 

ჟურნალისტებთან ბრიფინგზე კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა:

“ვაგრძელებთ საქართველოსა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთი პასუხისმგებელია იმ ვალდებულებებზე, რომლებიც მან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის საფუძველზე აიღო. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე და გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მოგეხსენებათ, დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც დაგმო ალექსანდრე ლუკაშენკას ვიზიტი, დაგმო მისი ვიზიტი აფხაზეთში”, – აღნიშნა ნედ პრაისმა.

ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა აცადებს, რომ ლუკაშენკა არ სცემს პატივს გაეროს ქარტიას. „ბელარუსის რეჟიმის ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკას ვიზიტი საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ამტკიცებს, რომ ბელარუსი და რუსეთი ერთობლივად არ სცემენ პატივს გაეროს ქარტიას და ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპს. ლიეტუვა საქართველოს სრულ მხარდამჭერად რჩება“.

 

შეშფოთებას გამოხატავს ბელარუსი ოპოზიციონერი სვეტლანა ციხანოვსკაიაც, რომლის მხარდამჭერები ლუკაშენკას უზურპატორად მიიჩნევენ.

“ბელარუსის გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტი გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ლუკაშენკას ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია. ის წარმოადგენს პუტინს და არა ბელარუს ხალხს. ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ და ვცდილობთ უფრო ღრმა თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის“.

 

ტვიტერზე გამოემხაურა ლუკაშენკას ქმედებას საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„მკაცრად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკას „ვიზიტს” რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში – აფხაზეთში და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან შეხვედრებს. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს”.

 

ასევე განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმაც, რომელმაც დაგმო ეს ე.წ. ვიზიტი. „მკაცრად ვგმობ ალიაქსანდრ ლუკაშენკას ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend