მთავარისაქართველო„ბრალდებები აშშ-სა და სხვების მიმართ, წინდაუხედავი შეთქმულების თეორიებია" - კელი დეგნანი

„ბრალდებები აშშ-სა და სხვების მიმართ, წინდაუხედავი შეთქმულების თეორიებია” – კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი პარლამენტისთვის გაგზავნილ სარეკომენდაციო წერილსა და "ქართული ოცნებიდან" წასულ დეპუტატების განცხადებებზე საუბრობს

რამდენიმე დღის წინ ამერიკის საელჩომ საქართველოს პარლამენტს სარეკომენდაციო წერილი გაუგზავნა, სადაც მართლმსაჯულების რეფორმაზე იყო საუბარი.

ამ სარეკომენდაციო დოკუმენტში ყურადღება იყო გამახვილებული მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობაზე, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების წევრთა არჩევის წესზე, მათი მუშაობის გამჭვირვალობასა და ზოგადად, წევრთა უფლებამოსილებებზე, ასევე გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე სასამართლო სისტემაში.

საელჩომ საქართველოს რეკომენდაცია გაუწია, რომ, მაგალითად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის თანაფარდობას გადახედოს, ასევე ურჩია, რომ უზენაეს სასამართლოში კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად ზოგიერთი მოსამართლე უვადოდ დანიშნოს.

დოკუმენტში კიდევ ბევრი რეკომენდაციაა, რომლებიც დიპლომატიური უწყების წარმომადგენელთა აზრით დაეხმარება პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში.

ამერიკის საელჩოს ამ წერილს „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ამ წერილში ძალიან ბევრჯერ იყო ნახსენები სიტყვა “უნდა”. დღეს კელი დეგნანმა განაცხადა, რომ მისთვის  გაუგებარია, თუ რატომ გაჩნდა კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით.

დღეს,17 აგვისტოს ამერიკის ელჩმა ისაუბრა ამ წერილზე და ზოგადად რეფორმის მიმდინარეობის შესახებ.

“ყველამ იცის, რომ მეტია გასაკეთებელი, ეს არასდროს ყოფილა დავის საგანი, ამიტომ ცოტა გასაკვირია, რატომ არის ახლა ასეთი წინააღმდეგობა იმის გასაკეთებლად, რის საჭიროებაზეც ყველა დიდი ხანია თანხმდება. მაგალითად, სასამართლოს გაუმჯობესება, იმის უზრუნველყოფა, რომ ის იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ავტონომიური და საზოგადოებაზე ორიენტირებული. ჩემთვის ამოუხსნელია, რატომ გაჩნდა კითხვა ამ კონსულტაციის შესახებ – მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების პროცესზე, რომელიც ათწლეულებია მიმდინარეობს არამხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით, არამედ სხვა ექსპერტების ჩართულობით ქვეყნის შიგნით და გარეთ. ამ კონსულტაციების შედეგად საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა გაუმჯობესდა. მეტია გასაკეთებელი და ეს გულისხმობს იმ ვალდებულებებსაც, რომლებიც ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, წლების განმავლობაში არაერთხელ აიღეს და დათანხმდნენ”, — განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩმა ასევე თქვა, რომ „ხალხის ძალის” წარმომადგენლების ბრალდებები ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის მიმართ წინდაუხედავი შეთქმულების თეორიებია, რომლებიც ფაქტებით არ არის გამყარებული.

“მე არ ვიცი რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, არ ვიცი ვის წარმოადგენენ, არ ვიცი რამდენად განსხვავდებიან ისინი მმართველი პარტიისგან, რომელზეც ამბობენ, რომ დატოვეს. რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ახლახან გავრცელებული ბრალდებები ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვების მიმართ არის წინდაუხედავი შეთქმულების თეორიები, რომლებიც ფაქტებს არ ემყარება. ვიტყოდი, რომ ნებისმიერი ბრალდება, რომ ჩვენ რამე სახით ვართ პასუხისმგებელნი აქ არსებულ პოლარიზაციაზე, არის დასავლელი პარტნიორების დადანაშაულების მცდელობა სწორედ მათგან, ვინც იცის, რომ ამაზე თავადაა პასუხისმგებელი. მნიშვნელოვანია ქართველებს ახსოვდეთ, გაიხედონ წარსულში, 3-4 წლით უკან და გაიხსენონ საიდან გაჩნდა ეს ღრმა პოლარიზაცია. „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები, ანტიდემოკრატიული ქმედებები. აქედან მოდის ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც ცდილობენ, მხოლოდ დაეხმარონ საქართველოს ამ პოლარიზაციის აღმოფხვრაში, რათა პარლამენტი და სხვა ინსტიტუტები ფოკუსირდნენ იმაზე, რაც ქართველი ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი. სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვის სისტემა, ამაზე უნდა მუშაობდეს პარლამენტი ახლა და განსაკუთრებით იმ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა”, — განაცხადა კელი დეგნანმა.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend