ამერიკელ კონგრესმენთა ჯგუფი ტაივანს ეწვია. ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ტაივანს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და ამერიკის მხრიდან ერთგულების დადასტურება იყო.
ხუთი კონგრესმენისგან შემდგარი დელეგაციის მეთაური დემოკრატიული პარტიის წევრი სენატორი ედ მარკი იყო. ამერიკელი პოლიტიკოსები შეხვდნენ ტაივანის ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. კონგრესმენთა განცხადებით, პეკინი ვერავის დაუშლის კუნძულზე ჩასვლას.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ამბობს, რომ ვაშინგტონმა არასწორი გზით სიარული უნდა შეწყვიტოს.
“ჩინეთი მკაცრ და მტკიცე ზომებს მიიღებს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით. ამერიკელ პოლიტიკოსთა მცირე ნაწილი ტაივანელ სეპარატისტებთან ერთად შეთანხმებულად მოქმედებს. მათი მიზანი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაა. მათ არ იციან, რომ წინ დიდი წარუმატებლობა ელით“, – განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ვანგ ვენ ბინიმ.
პეკინი აგრძელებს ტაივანის გარშემო სამხედრო მანევრებს.