მთავარიაზიატაივანიჩინეთში ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს მკაცრად აკრიტიკებენ

ჩინეთში ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს მკაცრად აკრიტიკებენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ჩინეთის გაფრთხილებისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ჩავიდა თვითმართულ ტაივანში. იგი ტაივანელ კანონმდებლებსა და პრეზიდენტ ცაი ინ-ვენს შეხვდა.

პელოსის ტაივანში ჩასვლით უკმაყოფილონი არიან პეკინში, სადაც მიაჩნიათ, რომ ვიზიტი ძირს უთხრის ერთიანი ჩინეთის პოლიტიკას.  პეკინისთვის ტაივანი სეპარატისტული პროვინციაა, რომელზეც ადრე თუ გვიან კონტროლს აუცილებლად აღადგენს.

დაძაბულობა იზრდება.  ჩინეთის არმიაში აცხადებენ, რომ ტაივანთან ახლოს ჩაატარებენ სამხედრო წვრთნებს, რომლებიც ხუთშაბათს დაიწყება და კვირამდე გაგრძელდება. წვრთნები ჩატარდება როგორც ოკეანეში, ასევე ჰაერში. დაწესდება ეკონომიკური ჯარიმებიც. დიპლომატიურ ფრონტზე კი აშშ-ის ელჩი ჩინეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიაშიც მკაცრად გმობენ ვიზიტს და აღნიშნავენ, რომ ეს ქმედება ბიძგის მიმცემი იქნება ტაივანელი სეპარატისტებისთვის.

პელოსი, რომელიც დიდი ხანია მკაცრად აკრიტიკებს ჩინეთში ადამიანთა უფლებების მდგომარეობას, ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსია, რომელიც კუნძულს ეწვია. ვიზიტს არ ჰქონდა პრეზიდენტ ბაიდენის მხარდაჭერა, თუმცა იგი აცნობიერებს, რომ  ნენსი პელოსს აქვს უფლება, ვიზიტით იმყოფებოდეს იქ.

თეთრი სახლი ცდილობს დაძაბულობის დეესკალაციას და აღნიშნავს, რომ  ვიზიტმა კრიზისი არ უნდა გამოიწვიოს. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ მხარს უჭერს სტატუს-კვოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend