მთავარისაქართველო#გამორთერუსული -კამპანია იმისთვის, რომ რუსული მუსიკა უფრო იშვიათად ისმოდეს

#გამორთერუსული -კამპანია იმისთვის, რომ რუსული მუსიკა უფრო იშვიათად ისმოდეს

თბილისსა თუ საქართველოს სხვა ქალაქებში ახლა ბევრია რუსეთიდან ჩამოსული...  რესტორნები და კაფე-ბარები კი ცდილობენ, ისინი მშობლიური მელოდიებით მოიზიდონ. მაგრამ მფლობელებსა და მენეჯერბს შორის, ყველა ერთ აზრზე არ არის.

თბილისის ერთ-ერთ ტურისტულ ქუჩებზე, ჩამწკრივებულ რესტორნებსა და კაფეებში, მუდმივად უკრავს მუსიკა. ამ მელოდიებს შორის, ხშირად გაიგონებთ რუსულ პოპულარულ სიმღერებს…

თბილისსა თუ საქართველოს სხვა ქალაქებში ახლა ბევრია რუსეთიდან ჩამოსული…  რესტორნები და კაფე-ბარები კი ცდილობენ, ისინი მშობლიური მელოდიებით მოიზიდონ.

მაგრამ მფლობელებსა და მენეჯერებს შორის, ყველა ერთ აზრზე არ არის:

„ჩემს რესტორანში თუ კაფე-ბარებში დიდი ხანია რუსულ ესტრადასთან საერთოდ არ გვაქვს შეხება. მეტიც, სტუმრებს, რომლებიც რუსეთიდან არიან, მომსახურე პერსონალი ინგლისურად ესაუბრება. ეს მხოლოდ პროტესტის გამოხატვა კი არ არის, ეს არის ის რეალობა, რომლითაც დავცილდებით რუსულ მენტალობას. რაც უფრო დავცილდებით რუსულს, გავძლიერდებით ევროპული მიმართულებით. ჩვენი შვილებისა და მომავლისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ისევ იმ ორმოში ყოფნა, საიდანაც ამოსვლა ურთულესია“, – ამბობს შოთა ბურჯანაძე, რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე.

რას ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მოქალაქეები?

„ჩემთვის გამაღიზიანებელია ის, რომ რესტორნებიდან ისმის რუსული სიმღერა მაშინ, როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მცოცავი ოკუპაცია ისევ გრძელდება. ჩემი აზრით, უპატივცემულობაა ის, რომ გამუდმებით ისმის რუსული სიმღერები, საუბარი და და ამას დასასრული არ უჩანს“ – ამბობს გვანცა გახოკიძე

„ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ შემცირდება. აღარ არის რუსული სიმღერების დრო. არც ისეთი გემოვნებიანია. ცხადია, რომ რესტორნები რუსულ სიმღერებს იმიტომ რთავენ, რომ რუსი ტურისტები მოიზიდონ და თავი მოაწონონ. ჩემი აზრით. ეს ამაზრზენი და მიუღებელია“, – აღნიშნავს  ზაზა ელიზბარაშვილი.

„რუსებმაც უნდა იგრძნონ, რომ ცოტა დისკომფორტს უქმნის საქართველოში მოსახლეობას რუსული სიმღერების მოსმენა. მათ უნდა იგრძნონ, რომ ეს ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ჩვენ, როგორც ინდივიდებმა და ბიზნესებმა, ამის გააზრებაში უნდა შევუწყოთ ხელი. თუმცა ცენტრიდან ამის აკრძალვა, რომ ყველამ გამორთოს რუსული სიმღერები, არ არის რელევანტური“, – ამბობს თამარ ყალიჩავა.

„მივექანებით ამ რუსეთისკენ და ვებღაუჭებით რუსულ კულტურას. ჩვენიც გვაქვს, უცხოურიც არის. რუსული ისეთი დოზით არის შემოსული, რომ მგონი, არ არის სწორი. არ არის სწორი ყოველ ნაბიჯზე რუსული სიმღერების მოსმენა. ვიღაცას თუ მოსმენა უნდა, მოუსმინოს თავისთვის. კაფეში, ბარსა და რესტორანში რუსული სიმღერების ჩართვა არ არის მე მგონი, გამართლებული. ბევრ ხალხი იმ პოლიტიკის გამოც ღიზიანდება, რომელსაც  რუსეთი ატარებს“, – ამბობს სოთარ წირქვაძე.

„ჩემთვის ეს არ არის პრობლემა, იმიტომ,  რომ მე ვუსმენ მუსიკას რუსულ ენაზეც  და ინგლისურ ენაზეც. ვფიქრობ, რომ ეს არ შეცვლის არაფერს“, – აღნიშნავს მანანა ქიმერიძე.

„ახლა ისეთი პერიოდია, სოლიდარობის გამომხატველი პატარა დეტალიც კი მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ჩვენთან მუსიკის გათიშვით ომი არ დასრულდება, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მაინც კარგი ჟესტი იქნება“, – ამბობს გიორგი მახათაძე.

სწორედ ამ პრობლემის არსებობის გამო დაიწყო საქართველოში კამპანია #გამორთერუსული. ის ქვეყანაში რუსული მუსიკის მოსმენის შემცირებას ისახავს მიზნად და ამ იდეის გარშემო ათასობით მოქალაქეს აერთიანებს.

„ამ კამპანიის ძირითადი მიზანი ის არის, რომ შევცვალოთ ტენდენცია და უხერხული  გავხადოთ რუსული მუსიკის მოსმენა, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებსაც ეს მუსიკა შეიცავს. რომ არაფერი ვთქვათ მის ღირებულებით ნაწილზე. ეს მუსიკა არ არის ღირებული. გვინდა გავაგებინოთ ამ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ უსმენენ რუსულ მუსიკას, და რატომღაც მიაჩნიათ მშობლიურად იმიტომ, რომ ესმით ეს ენა და ეს მუსიკა – ეს არის პროპაგანდა, აჩენს ყალბი ერთიანობის განცდას რუსეთთან. მორალურად არ არის სწორი რუსული მუსიკის მოსმენა. არ შეიძლება ასე დაუბრკოლებლად და ხელის შეშლის გარეშე გამოიყენებოდეს ეს მუსიკა ჩვენთან“, – ამბობს გიგა კობალაძე, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე.

კამპანიაში ჩართული მოქალაქეები აწყობენ საღამოებს და უფრო მეტ ადამიანს მოუწოდებენ #გამორთონრუსული. როგორც ამბობენ, მალე კიდევ უფრო გაფართოვდებიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოში რუსული სულ უფრო და უფრო იშვიათად ისმოდეს.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend