მთავარიდღის ამბებიმოტივტივე "ნაგვის კუნძული"

მოტივტივე “ნაგვის კუნძული”

ბულგარეთში მდინარე ისკირის ძლიერმა დინებამ ფეხბურთის მოედნის ზომა ნაგავის გროვა გამორიყა.

ბულგარეთში, დედაქალაქ სოფიადან 40 კილომეტრის დაშორებით, მდინარე ისკირის ძლიერმა დინებამ დიდი ოდენობით ნაგავი გამორიყა. 40 სანტიმეტრის სიმაღლის ნაგვის გროვა  ქალაქ სვოგესთან მდებარე კაშხალთან დაგროვდა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის განცხადებით, მათ მდინარის სისუფთავეზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ  და ვერც იმ ადამიანებს გააკონტროლებენ,  რომლებიც მდინარეში ნაგავს ყრიან. მიუდგომელი მდებარეობის გამო, ნაგვის გატანა  ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

შეუიარაღებელი თვალითაც აშკარაა, რომ კაშხალთან ყველაფერი რიგზე არ არის. ახლოდან დაკვირვების შემდეგ კი მდინარეში პლასტმასითა და ხის ნამსხვრევებით სავსე ნაგვის ამოცნობა სულ ადვილია. ნაგავი წლის ძლიერმა დინებამ შეაგროვა. 40 სანტიმეტრის სიღრმის ნაგვის ფენის დიდი ნაწილი 40 კილომეტრის დაშორებით მდებარე დედაქალაქ სოფიადან არის გამორიყული. ჰიდროელექტროკაშხალი პირველი დაბრკოლებაა, სანამ მდინარე ისკირი ჩრდილოეთით დუნაის შეუერთდება.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მდინარის კალაპოტი იმ ნაგვისგან უნდა გაწმინდოს, რომელიც შეიძლება აქ დაგროვდეს. ძლიერი წვიმის დროს დაბინძურებული მდინარე წყალდიდობის საფრთხეს ქმნის, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა კიდეც.

ახლომდებარე ქალაქ სვოგეში მიაჩნიათ, რომ პრობლემის მიზეზი ის ხალხია, ვინც  მდინარეს ნაგავსაყრელად იყენებს. თუმცა, რამდენჯერმე შეამჩნიეს, რომ მდინარეში ნაგავს  მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც ყრიან. მერიაში კი აცხადებენ, რომ მათ ამ პრობლემაზე არც პასუხისმგებლობა ეკისრებათ და არც მდინარის მოვლა შეუძლიათ.

როგორც ქალაქ სვოგეს ვიცე-მერი ილია ბოგდანოვი აცხადებს, შეუძლებელია ინსპექტორების გაგზავნა ყველგან,  საიდანაც ნაგავს ყრიან, იქნება ეს პიკნიკი თუ მშენებლობა. მან უარყო ბრალდება, თითქოს მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა ნაგავი ტრაქტორით  გადაყარეს მდინარეში.

„მდინარეში არაფერი არ გადაუყრიათ. ნაგავი იქ დროებით დატოვეს, სანამ მას ნაგვის მანქანა წაიღებდა“, – აღნიშნა ვიცე-მერმა.

მოტივტივე ნაგვის კუნძულის გაწმენდა კი ძალიან რთულია. რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობა  ართულებს ნავით ან ტრაქტორით ნაგვის შეგროვებას. ერთადერთი გზა კაშხლის გამწმენდი სისტემის გამოყენებაა.

სვოგეს ჰიდროელექტროსადგურის წარმომადგენლის ვესელინ შუმანოვის განმარტებით, ნაგვის მდინარიდან ამოღება მხოლოდ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ არის შესაძლებელი.

„ჩვენ წყლის დონეს ვამცირებთ და შემდგომ ვიღებთ ნაგვის მცირე ნაწილს. ნაგავი მაინც გაიპარება, მაგრამ მას შემდეგი კაშხალი შეაჩერებს. ჯამში სულ 5 კაშხალია“, – ამბობს ვესელინ შუმანოვი.

ამჟამად ნაგვის გროვა ფეხბურთის მოედნის ზომისაა. ასეთი შემთხვევა 6 წლის წინ ზაფხულშიც მოხდა. ამჯერად საფრთხე უფრო დიდია:  ზამთარში წყალი შეიძლება გაიყინოს და შესაბამისად, ნაგავი მდინარეში კიდევ დიდხანს დარჩება.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend