ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე 5 დღეა დარჩენილი. 6 იანვრის ინციდენტის შემდეგ, ქვეყნის მთავარი საზრუნავი ცერემონიის უსაფრთხოდ ჩატარებაა. ეროვნული გვარდია კაპიტოლიუმის შენობაში უკვე განლაგდა. არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 20 იანვრიდან თეთრ სახლს გადაიბარებს და ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი გახდება.
დემოკრატთა ლიდერის ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე 5 დღე რჩება. ამიტომ ამ დღეების განმავლობაში ქვეყნის უმთავრესი საზრუნავი 20 იანვრის ცერემონიის უსაფრთხოდ ჩატარებაა.
როგორც ჩანს, მაიკ პენსმა პრეზიდენტის როლი შეითავსა. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მან ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის ჯარები უკვე შეამოწმა.
როგორც მაიკ პენსმა განაცხადა, „ამერიკაში ინაუგურაცია უსაფრთხოდ ჩატარდება.“
იგი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლებსაც შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა 6 იანვრის მოვლენები და მომავალი ინაუგურაციის ცერემონია იყო. პენსის განცხადებით, არჩეული პრეზიდენტი ყოველგვარი ინციდენტის გარეშე გადაიბარებს თეთრ სახლს.
ამასობაში კი დედაქალაქში დიდი სამზადისია. ვაშინგტონი ქვეყნის 46-ე პრეზიდენტის მისაღებად ემზადება. დედაქალაქში უკვე 26 000 ჯარისკაცი იმყოფება.
ფედერალური საგამოძიებო ბიურო ქვეყნის მთავრობას აფრთხილებს, რომ ტრამპის მომხრეები შეიარაღებულ თავდასხმასა და საპროტესტო აქციებს აშშ-ოს 50-ივე შტატში აპირებენ.