მთავარიევროპაესპანეთიუკრაინელი ლტოლვილების რთული გზა ესპანეთში

უკრაინელი ლტოლვილების რთული გზა ესპანეთში

ესპანეთი არ აღმოჩნდა ისეთი ქვეყანა, როგორიც ის ერთ უკრაინულ ოჯახს წარმოედგინა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ვალენტინას ოჯახი ივნისის დასაწყისში კიევიდან გამოიქცა. ესპანეთში პირველადი დახმარების შემდეგ, მათ წასასვლელი არსად ჰქონდათ.

„ერთი კვირა პოსუელოს სასტუმროში ვცხოვრობდით. შემდეგ დილიდან საღამომდე ჩემოდნებით ხელში ღამის გასათევ ადგილს ვეძებდით. არ ვიცოდით, სად უნდა გვეჭამა, სად წავსულიყავით, დახმარებისთვის რომელი ორგანიზაციისთვის მიგვემართა“, – იხსენებს ვალენტინა კასიანი.

სხვადასხვა ორგანიზაციამ ისინი თავშესაფრისთვის ორენსესა და ვიტორიის პროვინციებში გაგზავნა, თუმცა იქ მათთვის ადგილი არ აღმოჩნდა. ოჯახი იძულებული გახდა, მადრიდში დაბრუნებულიყო. ისინი უსახლკაროდ იყვნენ და შემწეობით შეგროვებული თანხით ჰოსტელში ეძინათ, სანამ მათ დასახმარებლად ერთ-ერთი ფონდი არ გამოჩნდა.

„გულწრფელად რომ ვთქვა, არც ესპანეთია უკრაინასთან შედარებით უსაფრთხო. ჩვენ უკრაინაში დაბრუნებასაც კი განვიხილავთ. აქ დახმარებას ველოდით, თუმცა საბოლოოდ უცხო ქვეყანაში, ფულის, საკვებისა და საცხოვრებლის გარეშე ქუჩაში აღმოვჩნდით. როცა ორი პატარა შვილი გვყავს, ეს ძალიან საშიშია. ზოგადად ეს ყველაფერი ძალიან სტრესულია“, – წუხს ვალენტინა.

ფონდმა „მადრინამვალენტინას ოჯახისთვის ადგილი მოძებნა. ორგანიზაციაში უკრაინელი ქალებისთვის ცხელი ხაზია ამოქმედებული. მათ ის ესპანელი მოქალაქეებიც ურეკავენ, რომლებიც უკრაინელებს იფარებენ.

„ელექტროენერგიასა და წყალზე ფასებმა საგრძნობლად მოიმატა. ამიტომ ბევრი ოჯახის შენახვა გვიჭირს“, – ამბობს ფონდ „მადრინას“ თანამშრომელი ანასტასია ლვოვა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ესპანეთში დაახლოებით 125 000 უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა. ივლისიდან მთავრობა 400 ევროს ოდენობის დახმარებას დაუნიშნავს იმ ლტოლვილებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ თავშესაფარში იმიტომ, რომ ვერ გაიარეს ერთ-ერთი სავალდებულო ეტაპი.

ფონდში მიაჩნიათ, რომ ლტოლვილების დასახმარებლად კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებმა ორი მთავარი მიმართულებით უნდა იმუშაონ.

„ჩვენ დაუყონებლივ უნდა ჩავრთოთ უკრაინელი ლტოლვილები ესპანურ სამუშაო სისტემაში მათი კვალიფიკაციის მიხედვით. მეორე მხრივ, მთავრობამ იმ კომპანიებს, რომლებიც მათ დაასაქმებენ, გადასახადები უნდა შეუმცირონ“, – მიიჩნევს ფონდ „მადრინას“ პრეზიდენტი კონრადო ხიმენესი.

ესპანეთის ინკლუზიის, სოციალური უზრუნველყოფისა და მიგრაციის სამინისტროს ცნობით, კი ქვეყანაში არ არიან უსახლკაროდ დარჩენილი უკრაინელები და ქვეყანას დევნილებისთვის საკმარისი ადგილი აქვს გამოყოფილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend