უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მისი სახელმწიფოს არმია დონბასის რეგიონში, ქალაქ სევეროდონეცკში პოზიციებს ინარჩუნებს, ლუჰანსკის რაიონში მდებარე ქალაქის ქუჩებში დაუნდობელი შეტაკებები გრძელდება.
უკრაინის ლიდერის თქმით, ოკუპანტები სევეროდონეცკის მიმართულებით უფრო და უფრო მეტ სამხედრო რესურსს მიმართავენ.
“რუსული არმია დონბასის რეგიონში დამატებით ძალებს უყრის თავს, ეს ომის 103 – ე დღეა და დონბასი ისევ უკრაინაა, თავდაცვისათვის ყველა ღონეს ვხმარობთ, არა მარტო დონბასში, არამედ ზაპოროჟიესა და მიკოლაევში“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში ოკუპანტებთან ბრძოლა უკრაინელ ჯარისკაცებს სიცოცხლის და ჯანმრთელობის უდიდეს ფასად უჯდებათ.
დონბასში რუსული არმიის სისხლიანი წინსვლის ფონზე, უკრაინელი ჯარისკაცები ყოველი გოჯი მიწისთვის იბრძვიან. უცნობია, რა დანაკარგები აქვს უკრაინულ არმიას, პრეზიდენტი ზელენსკის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სულ მცირე 450 უკრაინელ ჯარისკაცია დაჭრილი, ზოგადად კი დაუნდობელი სტატისტიკის თანახმად, ყოველდღე სამშობლოს დაცვას 100 – მდე უკრაინელი სამხედრო ეწირება.
ფრონტის ხაზზე იმყოფებიან სამხედრო ექიმებიც, მათი ინფორმაციით, დაშავებულ სამხედროთა 90% პროცენტი რუსული საარტილერიო შეტევის შედეგად არის დაჭრილი.
“ბევრია დაშავებული, ბევრი სამხედრო იღუპება. ჩვენი ჯარისკაცები სულ იმას იმეორებენ, რომ შეიარაღება არ კმარა, რესურსები არ კმარა, ტყვია წამალი, რუსებს დიდი არმია ჰყავთ. დაჭრილთა 90 პროცენტი რუსული არტილერიის შედეგია, ეს ჯარისკაცებზე ფსიქოლოგიურადაც მოქმედებს“, – ამბობს სამხედრო ექიმი.
დაჭრილი უკრაინელი სამხედროები ფრონტის ხაზიდან ახლომდებარე მიდამოებში არსებული საველე საავადმყოფოებში გადაჰყავთ. უკრაინელი ჯარისკაცები აცხადებენ, რომ რუსული არმია შეტევის სიმძიმეს უფრო და უფრო ზრდის.