შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის უფროსს ევრილ ჰეინსს მიაჩნია, რომ ვლადიმერ პუტინი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება და იგი უკრაინაში შეჭრას დონბასში დაწყებული კამპანიით არ დაასრულებს.
შეერთებულ შტატებში ფიქრობენ, რომ პუტინის სტრატეგიული გეგმები არ შეცვლილა. ჰეინსის თქმით, მარტის ბოლოს, როდესაც რუსმა სამხედროებმა ვერ მოახერხეს კიევის აღება, რუსეთის პრეზიდენტმა მთელი ყურადღება დონბასის რეგიონზე გადაიტანა. თუმცა დაზვერვის სამსახურის უფროსი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ დროებითია და იგი კვლავ ეცდება თავდაპირველი მიზნის მიღწევას.
შეერთებულ შტატებში დასავლური ერთიანობის გამყარებას ცდილობენ. მარიო დრაგი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც ომის დაწყებიდან თეთრ სახლს ეწვია. დრაგის მიაჩნია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ევროპაში სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს.
ამავდროულად, დონეცკში, ფრონტის ხაზთან ახლოს, განმნაღმველთა ჯგუფი მუშაობს. ომის დაწყებიდან მათ მრავალი მოწყობილობის განეიტრალება მოუწიათ, თუმცა, საბედნიეროდ, გუნდის არც ერთი წევრი არ დაუკარგავთ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 მაისს ღამით საზოგადოებას მიმართა. მან პატივი მიაგო უკრაინის პირველ პრეზიდენტს ლეონიდ კრავჩუკს, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ლეონიდ კრავჩუკი იყო ადამიანი, რომელმაც იცოდა თავისუფლების ფასი და გულწრფელად სურდა უკრაინისთვის მშვიდობა. ზელენსკის სჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და მშვიდობაც დაისადგურებს.
ამავდროულად, ბელარუსის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის საპასუხოდ, ქვეყნის სამხრეთით, უკრაინის საზღვართან, 3 ადგილას სპეცდანიშნულების შენაერთებს განათავსებს.