მთავარისაქართველოევროკომისიის პრეზიდენტმა ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერს წერილით მიმართა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერს წერილით მიმართა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერს წერილით მიმართა.

წერილში, რომელიც მედიაში ვრცელდება, ნათქვამია, რომ როგორც მართლმსაჯულების, ისე საარჩევნო რეფორმები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განაცხადი შეიტანა.

წერილის მიხედვით, დემოკრატიული რეფორმების გატარებისთვის პირველადი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, თუმცა ამ პროცესში მნიშვნელოვანია ოპოზიციის როლიც.

„ის, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანა კრიზისში შეიყვანა და ეს რეჟიმი პრინციპულად არასწორ გზაზე დგას, რომლის კურსიც ჩვენ თავისუფალ სამყაროში დაბრუნებასთან, ევროპაში, ევროკავშირთან, ნატოსთან მიმართებაში შეუთავსებელია, ამაზე ყველგან ფართო კონსენსუსია. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ აქედან – აქ სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის შანსები, რომ ეს რეჟიმი ამ კურსს შეიცვლის და შესაძლებელი იქნება ნორმალური თანამშრომლობით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან, პოლიტიკურ ძალებთან ერთად ქვეყნის წინსვლა, არ ჩანს“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

„მატყუარა „ოცნებების“ პარტია მუდმივად უარს ამბობს თანამშრომლობაზე ოპოზიციასთან და პირდაპირ გეტყვით, რომ მათი ოფიციალური განცხადებები არის, რომელიც ამბობს, რომ არანაირ რეკომენდაციებს ოპოზიციის მხრიდან არ გაითვალისწინებენ. გარდა იძულებისა, ჩვენ სხვა მექანიზმი არ გვაქვს, მაგალითად, ვაიძულეთ ისინი, რომ წასულიყვნენ უკრაინაში და ელემენტარულად ის ლაფი – რაც ჰქონდა ჩვენს სახელმწიფოს მათი არასწორი, ანტიუკრაინული ქმედებებიდან გამომდინარე – ოდნავ ჩამოგვეწმინდა“, – აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ კი დღეს, 21 აპრილს ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც პარტიის მიღწევებზეა ყურადღება გამახვილებული. განცხადებაში წერია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წარმატებული რეფორმები გაატარა სასამართლო თუ საარჩევნო მიმართულებით.

„აღიკვეთა არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა და არჩევითი ორგანოები მოსახლეობის ნების შესაბამისად ფორმირდება. მაღალი სტანდარტით არის დაცული ეკონომიკური თავისუფლება და საკუთრების უფლება. ქვეყანას აქვს ახალი კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესაბამება საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასა და სტანდარტებს. სასამართლო, პროკურატურა და შსს აღარ გამოიყენება რეპრესიულ მექანიზმად, რაც არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებითა და სტატისტიკური მონაცემებით თვალნათლივ დასტურდება“, – წერია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.

დღეს ზუსტად 10 წელი შესრულდა, რაც პარტია „ქართული ოცნება“ ოფიციალურად დაფუძნდა. NDI-ის დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 22%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ახლოს სწორედ ეს პარტია დგას.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend