მთავარისაქართველო28 მარტიდან საქართველოში კოვიდრეგულაციების უმეტესი ნაწილი გაუქმდა

28 მარტიდან საქართველოში კოვიდრეგულაციების უმეტესი ნაწილი გაუქმდა

28 მარტიდან საქართველოში კოვიდრეგულაციების უმეტესი ნაწილი გაუქმდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება და სხვა მოქმედი რეგულაციები მოიხსნა. ამას გარდა, გაუქმდა სტუმრების რაოდენობაზე მოქმედი შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო, თუ სხვა სახის ღონისძიებებზე.

„დღეიდან უკვე აღარ არის საჭირო ღია სივრცეში პირბადის გამოყენება. პირბადის გამოყენება სავალდებულო რჩება მხოლოდ შიდა სივრცეებში. შეზღუდვები სტუმრების რაოდენობასთან დაკავშირებით მოიხსნა როგორც რესტორნებში, ისე სპორტულ ღონისძიებებზე და სხვა ღონისძიებებზე, სადაც აქამდე არსებობდა გარკვეული შეზღუდვა სტუმრების რაოდენობასთან მიმართებით. PCR ტესტის მოთხოვნა აღარ არის სავალდებულო საქართველოს მოქალაქისთვის, რომელიც ბრუნდება უცხოეთიდან“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე მიიღეს.  ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დღევანდელი მდგომარეობა ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

„დღეს საქართველოში გარკვეული სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა და ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად უმჯობესდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, რეგულაციების შემსუბუქება აბსოლუტურად ლოგიკური ნაბიჯია. და დღევანდელი ციფრი სრულ საფუძველს გვაძლევს იმით, რომ განხილული იყოს რეგულაციების შემსუბუქების სხვადასხვა ვარიანტი. მაგრამ ის, რაც მნიშვნელოვანია და, ვფიქრობთ, ეს რეგულაცია კიდევ დიდხანს უნდა დარჩეს ქვეყანაში – ეს არის ნიღბის ტარების ვალდებულება დახურულ სივრცეში, ვინაიდან ეს არის, პრაქტიკულად, დღეს ერთადერთი მექანიზმი, რითიც შეიძლება პანდემია ვაკონტროლოთ“, – აღნიშნა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გამოჯანმრთელდა 2 993 ინფიცირებული. ინფიცირების მაჩვენებელი გასულ თვეებთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალია.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend