მაშინ, როდესაც ჰააგის ტრიბუნალი რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ გამოძიებას იწყებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირისთვის დაკავების ორდერები გასცა.
ესენი არიან გენერალ-ლეიტენანტი მიხეილ მინძაევი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შსს-ს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი, ჰამლეტ გუჩმაზოვი და ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, დავიდ სანაკოევი.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის შეფასებით, ეს პირები სავარაუდოდ, უშუალოდ მონაწილეობდნენ აგვისტოს ომის დანაშაულების ჩადენაში, რაც გულისხმობს უკანონო დაკავებას, წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ღირსების შელახვას, მძევლად ხელში ჩაგდებასა და იძულებით გადაადგილებას.
„ძალიან დიდი ისტორიული ამბავი მოხდა – ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბოლომდე გაგვამართლა – “ქართული მხარე ახორციელებდა თავდაცვას და მოქმედებდა ომის ყველა წესის დაცვით”. მან სამხედრო დანაშაულში რუსული მხარე ამხილა, გენერალ ბორისოვზე, რომელიც უკვე გარდაცვლილია და ასევე სამ ეთნიკურად ოს რუსეთის მოქალაქეზე, დაპატიმრების ორდერი გასცა. წულუკიანმა, ივანიშვილის დავალებით, ყველაფერი გააკეთა რომ მე დავედანაშაულებინე და არაფერი გამოუვიდა. ეს სიმართლის ისტორიული გამარჯვებაა. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მყარი გარანტია. ეს არის ჩემი მთლიანად გამართლება“, – დაწერა სოციალური ქსელის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.
„ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება, არის ძალიან სერიოზული ფაქტორი, იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ბრძოლა ყველა დამნაშავის დასასჯელად. ეს რამდენიმე ადამიანი, ვისი დაპატიმრების სანქციაც არსებობს დღეს, წარმოადგენს საკმაოდ დიდ ჯგუფს მათი, ვინც არიან სამხედრო დამნაშავეები, ვინც გამოდევნა ადამიანები საკუთარი სახლებიდან, მოახდინა ეთნიკური წმენდა და შექმნა მთელი ეს უზარმაზარი ტრაგედია საქართველოსთვის, დაიწყო ომი და გახდა სამხედრო კრიმინალი. ამიტომ ასეთი მოქმედებებისთვის არის სასჯელი და საქართველოს მხარეს დღეს აქვს კიდევ უფრო წონიანი, ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომ გააგრძელოს ბრძოლა სანქცირებისა და ყველას დასჯისთვის“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტრუმენტია. მათივე შეფასებით, დოკუმენტში ერთმნიშვნელოვნად არის დადასტურებული, რომ რუსეთს მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
„როდესაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, გასული წლის 21 იანვარს მაშინაც ითქვა, რომ ეს იქნება საქართველოსთვის ბევრი წარმატების დასაწყისი ანტისაოკუპაციო მიმართულებით, სამართლებრივ ჭრილში. შესაბამისად, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ლოგიკურად ებმება, ამ შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. საქართველოსთვის, რომლის მთავარი გამოწვევა და პრობლება გახლავთ ოკუპაცია, ბუნებრივია, რომ ასეთ დროს სამართლებრივი ინსტრუმენტებით შეიარაღება და, შესაბამისად, ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ.
რუსეთ საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თითქმის 14 წელი გავიდა. უკანონო დაკავებები, დაპატიმრებულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობა და მცოცავი ოკუპაცია დღესაც გრძელდება.
ანა ალელიშვილი