კანადაში დაწყებული სატვირთო მანქანების მძღოლების აქცია მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ეწყობა. მომიტინგეები კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. გასულ უქმეებზე მოძრაობის წევრები პარიზში პოლიაციასაც დაუპირისპირდნენ. ამჯერად აქციის მონაწილენი ბრიუსელისკენ გაემართნენ, თუმცა ბელგიის პოლიციამ მათი შეჩერება მოახერხა.
მიუხედავად ხმამაღალი განცხადებებისა და დემონსტრაციისკენ მოწოდებისა, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მხოლოდ ასამდე მომიტინგე გამოჩნდა.
გასული თვეების განმავლობაში ბრიუსელშიც გახშირდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები. მომიტინგეები მოითხოვენ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების, სავალდებულო ვაქცინაციისა და კოვიდსაშვების გაუქმებას.
აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ უნდა გაუქმდეს ყველა შეზღუდვა. მათ სურთ, ხალხს დაანახონ, რომ ისინი ბევრნი არიან. მომიტინგეები აღნიშნავენ, რომ ახლა პროტესტი არა მხოლოდ კორონავირუსს, არამედ ბევრ სხვა საკითხსაც ეხება.
აქციის ორგანიზატორებმა პირობა დადეს, რომ შეიკრიბებოდნენ ევროკავშირისა და ნატოს შტაბ-ბინების მახლობლად, თუმცა პოლიცია საფრანგეთიდან მომავალ საპროტესტო მოძრაობის წევრებს მზად დახვდა. ფედერალურმა და ადგილობრივმა პოლიციამ მათ შესაჩერებლად გზები გადაკეტა და მომიტინგეები სხვადასხვა მიმართულებით გაუშვა.