სუბსაჰარულ აფრიკაში ათასობით ქალი კვდება მშობიარობის დროს, რადგან საავადმყოფოში სისხლის მარაგი საკამრისი არ არის. „ევრონიუსმა“ გაარკვია, როგორ ეხმარება იაპონური სამედიცინო ტექნოლოგიური კომპანია ამ რეალობის შეცვლას.
გასულ წელს მესამე ბავშვის გაჩენა ლილიანს ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
ლილიანმა საკეისრო კვეთა ნანდის პროვინციაში გაიკეთა, სადაც ცხოვრობს და შემდეგ პოსტრავმული სისხლდენა ჰქონდა… ძლიერი სისხლდენა…ამიტომ სასწრაფოდ ესაჭიროებოდა სისხლის გადასხმა.
“როდესაც ექიმი მოვიდა და მომხედა, უეცრად მთელ სხეულში სიცივე ვიგრძენი. მთელი სხეული გამეყინა. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ ენერგია ნელ-ნელა აღმიდგა. საავადმყოფოში დონორების სისხლი რომ არ ყოფილიყო, ჩემი ახალშობილი გოგონა უდედოდ გაიზრდებოდა,“
– უთხრა ლილიან ჩებეტმა „ევრონიუსს.“
ლილიანი გადარჩა…მაგრამ მსოფლიოში ყოველდღე 800-ზე მეტი ქალი იღუპება ფეხმძიმობისა და მშობიარობის დროს. აქედან ბევრის გადარჩენა შესაძლებელია. ორსულების სიკვდილიანობის ორი მესამედი სუბსაჰარულ აფრიკაზე მოდის. აქედან თითქმის ნახევარი სისხლდენით იღუპება… რადგან სისხლზე მოთხოვნა ბევრად აღემატება მიწოდებას.
ფილანა მაგიენი „ტერუმოს სისხლისა და უჯრედების ტექნოლოგიის“ [Terumo Blood & Cell Technologies] წარმომადგენელია, ეს კორპორაცია იაპონურ Terumo Group-ს ეკუთვნის და სამხრეთ აფრიკას ტექნოლოგიასა და პროგრამულ უზრუნველყოფას აწვდის, რაც სისხლისა და უჯრედების შეგროვებასა და სამკურნალო მიზნით გადამუშავებას ემსახურება.
როდესაც ფილანას შევხვდით, იგი სისხლის თრომბოციტებს აბარებდა Terumo BCT ტექნოლოგიის საშუალებით.
ამ აპარატის ჩამოსვლამდე ერთი პაციენტისთვის საჭირო დოზის მისაღებად 6 დონორი იყო საჭირო. ახლა ერთიც საკმარისია.
“აფრიკაში სისხლის ჩაბარების კულტურა არ გვაქვს და ამას მრავალი მიზეზი აქვს, ნაწილობრივ კულტურის, ნაწილობრივ კი ცოდნის ნაკლებობის ბრალია,“ – ამბობს ფილანა.
Terumo BCT-ის კვლევის მიხედვით, კენიაში, განასა და კოტ-დ’ივუარში წელიწადში 16 ათასი დედის გადარჩენაა შესაძლებელი.
მაგრამ ეს მაშინ, თუ საკმარისი სისხლის მარაგი იქნება ადგილზე პოსტრავმული სისხლდენის დროს, რაც ლილიანს ნანდიში დაემართა.
ფილანა მაგიენი, Terumo Blood & Cell Technologies-ის სამთავრობო საკითხებისა და საჯარო პოლიტიკის მენეჯერი სუბსაჰარულ აფრიკაში
„როგორც ირკვევა, თუ დედებს სისხლი დროულად მიეწოდებათ, მხოლოდ ინვესტიციას კი არ მივიღებთ და 16 ათასი ქალი გადარჩება, არამედ ყოველ წელს 20 მილიონი ევროც შეიძლება დაიზოგოს,“ – განმარტავს ფილანა.
Terumo BCT-ი ხელს უწყობს სისხლის დონაციას, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, კენიის ქალთა საერთაშორისო დღეს.
გარდა ამისა, კომპანია სამედიცინო პერსონალს სისხლის გადასხმის საკითხებში ამზადებს და პანაფრიკული კოალიციაც შექმნა, რომელიც სისხლის მიწოდებას ახალისებს.
“უსაფრთხო და ადეკვატური სისხლის მიწოდება ამ ქვეყანაში შესაძლებელია“, – ამბობს ნაირობის აგა ხანის უნივერსიტეტის საავადმყოფოს ჰემატოლოგი ექიმი ნენსი ოკინდა. „მთავრობამ საავადმყოფოებთან და ყველა კერძო ინსტიტუტთან უნდა იმუშაოს, რათა დონორების სისტემატური რეგისტრაცია უზრუნველყოს და ასევე უნდა შეიძინოს ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც დონორების რაოდენობას რაც შეიძლება მეტად გაზრდის.“
ფილანა მაგიენი კი ფიქრობს, რომ მის კომპანიას შეუძლია ჩაბარებული სისხლის ეფექტურობა გაზარდოს „ შესაბამისი პროცესების ავტომატიზაციით, დანაკარგის მინიმუმამდე შემცირებითა და თითოეული პაციენტის დონორულ სისხლზე წვდომის უზრუნველყოფით. ამ პაციენტთა ჯგუფში შედიან დედები, კიბოთი დაავადებული და ტრავმირებული პაციენტები. გარდა ამისა, გვაქვს სხვა ტექნოლოგიებიც, რომელთა საშუალებით, მაგალითად, სისხლის გადასხმის დროს მალარიით დაავადების აღკვეთაა შესაძლებელი.“
ნანდიში კი დედა-შვილი თავს შესანიშნავად გრძნობს.
“ჯოი ხალისიანია და ძუძუსაც კარგად წოვს. უკვე მცნობს კიდეც. როცა მხედავს, ყოველთვის უხარია. მადლიერი ვარ. იმის შემდეგ, რაც თავს გადამხდა, მივხვდი, რომ, როგორც კი ძალა აღმიდგება და ჩემი სისხლი ისევ გაჯანსაღდება, მეც გავცემ სისხლს სხვების დასახმარებლად,“ – ამბობს ლილიანი.
ავტორი: დამონ ემბლინგი