ოკუპირებული ლუჰანსკის რეგიონში მდებარე ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები ფიქრობენ, რომ მოსკოვი თავდასხმისათვის შესაბამის მომენტს ელოდება. ზახარ ლეხჩისინი უკრაინის არმიის ჯარისკაცია, ის ფრონტის ხაზზთან ახლოს მსახურობს, მისი თქმით ამჟამინდელი ამინდის მიზეზით სამხედრო ტექნიკას გადაადგილება გაუჭირდება.
“ვლადიმერ პუტინი შესაბამის მომენტს ელოდება. სამხედრო თვალსაზრისით ახლა ჩვენზე თავდასხმა არასწორია, წლის ამ პერიოდში სამხედრო ტექნიკას გადაადგილება უჭირს“, – მიიჩნევს უკრაინელი ჯარისკაცი ზახარ ლეხჩისინი.
კიდევ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი, ნაზარი კი მტრისგან პროვოკაციებს ელის.
“მტერი პროვოკაციებს აწყობს, ეს ყველასთვის ნათელია. ზამთარში სივრცე უკეთესად მოჩანს, ზაფხულში მტერს შეუძლია დაიმალოს, შეუმჩნევლად გადაადგილდეს, მაგრამ ახლა მტრის ყველა მოძრაობა ჩანს“, – ამბობს ნაზარი.
კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ ზოლოტეში მცხოვრები 59 წლის ოლგა ბერეჟინა საკუთარ ფერმაში კურდღლებსა და ქათმებს უვლის, მას ომის ეშინია და ამბობს რომ მოთმინებას უკვე კარგავს.
“უკეთესი იქნებოდა, რომ ერთი კვირა ან ერთი თვე მძიმე ბრძოლა ყოფილიყო და როგორც 2014 წელს თავშესაფარში დავიმალებოდით, სამაგიეროდ მოსახდენი მოხდებოდა. მოთმინებას ვკარგავთ, მაშინაც კი როდესაც გვძინავს, დაბომბვის მოლოდინში ვართ“, – შიშობს ოლგა ბერეჟინა.
ოლგა მის სოფელში დარჩენილი 16 მცხოვრებლიდან ერთ-ერთია, ის სოფელში დარჩენილთაგან ყველაზე ახალგაზრდაა, უმეტესობა 80 წელს არის გადაცილებული. სოფელში მყოფმა ახალგაზრდებმა პრო – რუსი სეპარატისტების მიერ ახლოს მდებარე ტერიტორიის დაკავების შემდეგ მშობლიური სოფელი დატოვეს.
ადგილზე უკრაინელი ჯარისკაცები რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი საპირისპიროს ირწმუნება, დასავლეთში უკრაინაზე რუსული არმიის თავდასხმას ელიან.