მთავარიევროპაუკრაინაამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს წერილობით უპასუხა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს წერილობით უპასუხა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს წერილობითი ფორმით უპასუხა. შეერთებული შტატების ელჩმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში წერილი პირადად მიიტანა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს წერილის დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ განაცხადა, რომ ეს პასუხი იმის დასტურია, რასაც დასავლელი ლიდერები აქამდე ამბობდნენ.

მისი თქმით, მოსკოვის მოთხოვნები მიუღებელია. მან აღნიშნა, რომ დასავლეთი აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოების უსაფრთხოების დასაცავად მზად არის, თუმცა იტოვებს იმედს, რომ ამის საჭიროება არ იქნება. ამავე დროს, შემუშავებულია ეკონომიკური სანქციების პაკეტი, რომელიც მყისიერად ამოქმედდება უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში. ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ დასავლეთი ამ მხრივ ერთსულოვანია.

“გასულ კვირას რუსეთს ჩვენი მოქმედებებით დავანახეთ, რა პოზიციები გვაქვს. ჩვენ დიპლომატიური მოლაპარაკებები გვსურს. თუ რუსეთი აგრესიას აირჩევს, ამას ექნება შესაბამისი პასუხი. ჩვენ მხარს ვუჭერთ და დავიცავთ უკრაინის უსაფრთხოებასა და ეკონომიკას. ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების დამოკიდებულება მტკიცე და ერთიანია. ვაგრძელებთ წინსვლას და მზადებას. ახლა რუსეთის ჯერია. მათი გადასაწყვეტია, თუ რას გვიპასუხებენ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

რუსეთს წინადადებით მიმართა ნატომაც. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. გენერალური მდივანი ამბობს, რომ ნატო ღია კარის პოლიტიკას არ შეცვლის. შესაბამისად, ალიანსი ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მზად არის.

“პოლიტიკური გამოსავლის პოვნა კვლავ შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის რუსეთი კეთილსინდისიერად უნდა ჩაერთოს დეესკალაციის პროცესში და რეალური ძალისხმევა გამოიჩინოს. ჩვენ უკვე მივმართეთ წინადადებით. ახლა მზად ვართ, რუსეთის მხარეს მოვუსმინოთ და გამოსავალი დიალოგის გზით ვიპოვოთ”, – ამბობს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

რუსეთი დასავლეთისგან გარანტიებს ითხოვს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება და ალიანსში უკრაინა თუ სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები არ გაწევრიანდებიან. მოსკოვმა ასევე მოითხოვა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ნატომ სამხედრო გავლენა შეამციროს, რაზეც დასავლეთისგან მტკიცე უარი მიიღო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend