თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ძველ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები აგრძელებენ პროტესტს და ითხოვენ უსაფრთხო საცხოვრებელში გადაყვანას. მათ ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს და საკუთარი მოთხოვნებზე ისაუბრეს. ახლა კი უწყებისგან ელოდებიან შესაბამის პასუხს. სამინისტრო მათ ორ გზას სთავაზობს – ან თავად მოიძიონ ისეთი ფართები, რომელთა კვადრატული მეტრის ღირებულება 550 დოლარი იქნება ან საცხოვრებლად გადავიდნენ ქირით, ვიდრე ისინი ბინებით არ დაკმაყოფილდებიან.
მანამდე კი აფხაზეთიდან დევნილი 150-მდე ოჯახი კვლავ ავარიულ შენობაში რჩება. ისინი შიშობენ, რომ ღია ცის ქვეშ მოუწევთ ღამეების გათენება, თუკი ჯანდაცვის სამინისტრო მათ საცხოვრებელი ფართებით დროულად არ დააკმაყოფილებს.
„ვლაპარაკობთ, რომ გარეთ კარვები გავშალოთ და ერთად ვიყოთ ყველა. ღმერთის იმედად ვართ. შენობა სავსეა ბავშვებით, მოხუცებით, ასევე, არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ვერ ვიფიქრებდი თუ ზურა ჭიჭოშვილის გარდაცვალება ყურადღებას არ მიიქცევდა. რეაგირებას ველოდით… ქირაზე ზედმეტია საუბარი, ეს საკითხი საერთოდ უნდა ამოვარდეს დღის წესრიგიდან“ – ამბობს ავარიულ შენობაში მცხოვრები დევნილი ნატალია ხარაიშვილი.
საცხოვრებლად ქირით გადასვლა არ სურთ, რადგან ფიქრობენ, რომ შესაბამისი უწყება ხანგრძლივად მათ ქირას არ დაფარავს.
„ჩემი და ცხოვრობს ქირით. სულ ჰპირდებიან ბინას, მაგრამ უშედეგოდ. მისი შემყურე მეც იმედი გადამეწურა. ისინი კიდევ დიდხანს ვერ მიიღებენ ბინას. ქირით მცხოვრები დევნილები გვეუბნებიან არ გადახვიდეთ, არ დაიშალოთ, თორემ ჩვენსავით დარჩებით მოტყუებულიო. ჩვენი ახლობლები, ნაცნობები, ნათესავები გვეუბნებიან, რომ ერთად ვიყოთ, არ დავიშალოთ და არ დავთანხმდეთ ქირას. აქ კი ყოველდღიურად ახალ-ახალი სიურპრიზი გვხვდება. ნგრევის პროცესი უფრო გააქტიურდა. შეხვალ სახლში და კედლებს უყურებ, სად გაჩნდა ახალი ბზარი“ ამბობს ნატალია.
დევნილმა ოჯახებმა დღეს, 24 იანვარს, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციაც გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნაა უწყებამ თბილისში, უკვე აშენებულ კორპუსებში შეისყიდოს ბინები და გადასცეს მათსაკუთრებაში. ან კვადრატული მეტრის ღირებულება განისაზღვროს არა 550 არამედ, 650 დოლარის ეკვივალენტით ლარში და დევნილებმა თავად მოიძიონ საცხოვრებელი ფართები. ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს თქვა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამშენებლო კომპანიებთან 200-მდე ბინის შესყიდვის შესახებ. თუმცა მინისტრის ვარაუდით, ეს პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება.
„რადგან ასეთი კრიტიკული მდგომარეობაა სანატორიუმ „ქართლთან“ დაკავშირებით, ჩვენ მოვიძიეთ მიმდინარე მშენებლობები, სადაც 200-მდე ბინაა. მათთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ არსებული ფასების ფარგლებში შემოვიდნენ გამოცხდებულ კონკურში და მიმდინარე წელს ბინებით ჩვენ დავაკმაყოფილებთ ამ ოჯახებს“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
დევნილებს იმედი აქვთ, რომ ეს სიტყვები მხოლოდ დაპირებად არ დარჩება.
„თითქოს ყინული გადნა, მაგრამ უკან რომ მოვიხედავთ და გადავხედავთ ამდენ მოტყუებულ წლებს, სიმართლე გითხრათ, ეჭვი მეპარება. ჯერ კიდევ არ გვჯერა, რომ მოგვცემენ ბინებს. ველოდებით პასუხს ახალი ჯანდაცვის მინისტრისგან, ეგებ მიიტანოს ჩვენი გასაჭირი გულთან, მასაც ხომ ოჯახი და შვილები ჰყავს“ – ამბობს ნატალია ხარაიშვილი.
აქ მცხოვრებლებისთვის ახლა მთავარია 30 წლის შემდეგ მაინც ჰქონდეთ საკუთარი სახლი. სახლი, რომელიც არ ინგრევა.
ნანუკა მეშველაშვილი