მთავარისაქართველო„ნაციონალური მოძრაობა“ შიმშილობის აქციას იწყებს

„ნაციონალური მოძრაობა“ შიმშილობის აქციას იწყებს

„ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივი შიმშილობის აქცია იწყებს – ეს გადაწყვეტილება საზოგადოებას დღეს, 21 დეკემბერს აქციაზე პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააცნო.

„მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ არ ვეგუებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვედ აყვანას. სად? – ალბათ გაქვთ ეს შეკითხვა. არ მინდა და პრინციპულია ეს ჩემთვის, ბავშვები ნამდვილად გახდნენ ამ მიზანსცენის შემხედვარე. ახალი წელი მათთვის ჯადოსნურია და დავუტოვოთ მათ ეს სივრცე. არ გვინდა ხელი შევუშალოთ სალომე ზურაბიშვილს განავითაროს ის პროცესი, რომელიც მან წამოიწყო. ჩვენ ამ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას ვიწყებთ კახეთის გზატკეცილზე, ჩვენი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა შიმშილობა პარტიის ცენტრალური ოფისის ტერიტორიაზე დაიწყეს, თუმცა იქამდე, ვიდრე ოფისთან მივიდოდნენ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქაც მთავარი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება იყო. პარტიის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იმსახურებს ციხეში ყოფნას.

„სწორედ ეს შეუძლებელი თავგანწირვა აჩვენა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს სახელმწიფოს ძალიან დიდი სირცხვილია ის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის ციხეში. მიხეილ სააკაშილი არ იმსახურებს ციხეში ყოფნას, იმიტომ, რომ მან ეს ქვეყანა ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად გადააქცია და ჩამოაყალიბა, როგორც პროგრესის საწყისი“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

აქციაზე წერილი გააგზავნა მიხეილ სააკაშვილმა და მხარდამჭერებს მიმართა. წერილი საზოგადოებას მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ წაუკითხა.

„ჩვენ უნდა შევძლოთ საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანება, ჩვენ – მთელმა ქართველმა ერმა. ალბათ, ყველასთვის რთული იქნება სამართლიანი თუ უსამართლო წყენის დავიწყება, მაგრამ დავიწყება არცაა მიზანი. მიზანია ურთიერთპატიება ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი საქართველოსთვის, ჩვენი მომავლისთვის“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც გიული ალასანიამ წაიკითხა.

ხვალ, 22 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend