მთავარიაზიაავღანეთიავღანელი ქალების ყოფა თალიბანის ავღანეთში

ავღანელი ქალების ყოფა თალიბანის ავღანეთში

ეკონომიკურმა კრიზისმა, შიმშილმა და სიღატაკემ ავღანელი ქალები აიძულა ოჯახის გამოსაკვებად ქუჩაში გამოსულიყვნენ. მათ მიერ მოწყობილ სახელდახელო ბაზრობაზე იხილავთ ყველაფერს, რისი წამოღებაც სახლიდან შეძლეს. ამინა საიფი თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლამდე სკოლის დირექტორი იყო. თალიბანმა საიფის სკოლაში მუშაობა აუკრძალა, თუმცა თალიბებს საწინააღმდეგო არაფერი აქვთ როცა ხედავენ, რომ ქალი ქუჩაში რვა შვილის გამოსაკვებად საკუთარ ტანსაცმელს ყიდის.

„უკვე თითქმის ყველაფერი გავყიდე, რაც სახლში მქონდა. ახლა მეორადი ტანსაცმელი მოვიტანე. 15 წელი სკოლაში ვიმუშავე, ახლა კი შვილებს ძლივს ვარჩენ. ქმარი სამი წლის წინ მომიკვდა და რვა მცირეწლოვანი დამრჩა. თალიბანს ჩემი გამოცდილება არაფერში სჭირდება. ჩემთვის სამსახური არ აქვთ“, – წუხს ამინა საიფი.

ბიბი რუქია სამი შვილის დედაა. როგორც სხვები იგი ტანსაცმლის გასაყიდად ბაზრობაზე ყოველდღე მოდის.

„იმედი გადაწურული გვაქვს. არამგონია რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს. აქ სამუშაოდ მოვდივარ, რათა ოჯახისთვის ფული ვიშოვო, რომ ამ ზამთარს გადავურჩეთ. ზამთრის მერე კი სავარაუდოდ აქედან გავიქცევით“, – ამბობს ბიბი რუქია.

თალიბანი დაპირდა მოსახლეობას, რომ ქვეყანას ისე კონსერვატიულად არ მართავდა, როგორც ადრე. თუმცა, ამ განცხადებას კრიტიკულად უყურებენ ავღანელი ქალები. მათ საჯარო სამსახურში მუშაობა არ შეუძლიათ, ხოლო გოგოებს ბევრ რეგიონში სკოლაში სიარული ეკრძალებათ. შექმნილ მდგომარეობას არაერთი ავღანელი ქალი აპროტესტებს.

„ავღანელი ქალები ძალიან საშინელ მდგომარეობაში არიან. მათ არ აქვთ მომავლის იმედი. ბევრი ფიქრობს, რომ ბრძოლის გაგრძელებას აზრი არ აქვს. არსებობს სხვადასხვა მოძრაობა, თუმცა მათ ვერავითარ მიზანს ვერ მიაღწიეს”, – მიიჩნევს ფრაიბა აკბარიარი,

თალიბანის მმართველობაში მოსვლის შემდეგ ავღანეთში ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო გამძაფრდა. საერთაშორისო სანქციების გამო მოსახლეობა ხელფასს ვეღარ იღებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend