14 დეკემბერს ორგანიზაცია “საბუკომ” და კომპანია „EcoFilms-მა“ საზოგადოებას ჭაჭუნის აღკვეთილის შესახებ გადაღებული პირველი დოკუმენტური ფილმი, „უდაბნოს პირისპირ“ წარუდგინეს.
ტერიტორია, რომელიც დაახლოებით 52 კვადრატულ კილომეტრს იკავებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, თბილისიდან 175 კილომეტრში.
ჭაჭუნის აღკვეთილს სიცოცხლეს მდინარე იორი სძენს, რომლის დაკლაკნილი კალაპოტის გარშემოც ჭალის ტყეები ხარობს. ტყეების მიღმა იწყება სტეპები, ჰორიზონტზე კი ალესილი კლდეები მოსჩანს.
ტერიტორია მდიდარია ფლორითა და ფაუნით, მაგალითად, აქ ფრინველთა დაახლოებით 82 სახეობის ნახვაა შესაძლებელი.
აღკვეთილი საზღვრისპირა მდებარეობის გამოც არის მნიშვნელოვანი.
ამ ტერიტორიას, როგორც ერთგვარ მწვანე დერეფანს, არაერთი სახეობა იყენებს გადასაადგილებლად.
გასული საუკუნის 80-იან წლებში აღკვეთილის ტერიტორიაზე დალის წყალსაცავი აშენდა, რათა ივრის წყალი სარწყავად გამოეყენებინათ, თუმცა მას პირვანდელი ფუნქცია არასდროს შეუსრულებია.
წყალსაცავს ჭაჭუნის აღკვეთილისთვის ზიანი მოაქვს. ის აკავებს ივრის ფსკერისა და ნაპირებისთვის მნიშვნელოვან საშენ მასალას — შლამსა და ქვიშას. ტერიტორიასა და ადგილობრივ სახეობებს საფრთხეს მონოკულტურებიც უქმნის.
10-წუთიანი დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთი მიზანი ამ საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა.
ფილმის პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას ჰქონდა საშუალება ეხილა ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის ნამუშევრებიც, ჭაჭუნის აღკვეთილიდან. ხელოვანთა რეზიდენციის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც მხარს კემბრიჯის კონსერვაციული ინიციატივა უჭერს, ნათელა ჭაჭუნის აღკვეთილში ადამიანისა და ბუნების ურთიერთქმედების აღსაწერად ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს. ეს ფოტოები სწორედ ამ პროექტის საწყის ეტაპზეა გადაღებული.
ღონისძიებაზე შესაძლებელი იყო საბუკოს ფოტომახეების მიერ აღბეჭდილი კადრების ნახვა და ფოტოხაფანგებით სამახსოვრო ფოტოების გადაღებაც.
მაყურებლების თქმით, ფილმმა მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
კომპანია „EcoFilms“ და ორგანიზაცია „საბუკო“ დოკუმენტურ ფილმზე ერთი წელი მუშაობდნენ.