მთავარისაქართველოპან-კავკასიური ორკესტრი

პან-კავკასიური ორკესტრი

ასე ჩნდება იდეები, და ასე გრძელდება...

როცა პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი პირველად გამოჩნდა წინანდლის ფესტივალზე, ისე შეწყობილად ჟღერდა, რომ მსმენელისათვის ძნელი წარმოსადგენი იყო, რამდენი შრომა და ძალისხმევა უძღოდა წინ, ამ ხმების შეწყობას.

ხმების შეწყობას ყველა გაგებით, მუსიკალურად თუ კულტურულად, რადგან ორკესტრის მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან. ისინი დროდადრო იკრიბებიან  აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან, იმისათვის, რომ მუსიკის დამფასებელთა წინაშე წინანდლის ფესტივალზე წარსდგნენ. მუსიკოსების ეს გუნდი, წინანდლის ფესტივალის ძირითად ორკესტრის სტატუსს ატარებს.

მაგრამ მთავარი სირთულე აქ გეოგრაფია არ არის, მთავარი განსხვავებული ხმების შეწყობაა… მთავარი მუსიკაა და ღირებულებები, რომელთაც ინსტრუმენტები ყველაზე უკეთ აერთიანებენ,  რადგან ორკესტრი სხვაგვარად ვერ გაიჟღერებს, რადგან მუსიკამ არ იცის არც საზღვრები და მავთულხლართები, არც რელიგიური თუ პოლიტიკური განწყობები და განსხვავება. თუ ორკესტრი გინდა, ერთმანეთს უნდა გაუგო…

პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის შესახებ პირველად წინანდალში შევიტყვე, როდესაც კლასიკური მუსიკის ფესტივალზე ვიყავი და გავიაზრე, თუ რამდენად საინტერესო ინიციატივაა ეს. ორკესტრში 6 ქვეყნის მუსიკოსები არიან წარმოდგენილნი. ჩვენ საქართველოში ვართ, და ჩვენ ვგრძნობთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეგიონის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება. ეს ორკესტრი კი ურთიერთგაგებისა და იმედის შთამბეჭდავი მაგალითია“, — აცხადებს შვეიცარიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელი ქრისტიან შონენბერგერი.

სწორედ შვეიცარიის საელჩო იყო ინიციატორი, რომ ნოემბრის მიწურულს, პან-კავკასიური ორკესტრის მხარდასაჭერად, თბილისში საგანგებოდ შეკრებილიყვნენ დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები თუ ყველა ის, ვისაც ამ საქმეში წვლილის შეტანა სურს და შეუძლია. ღონისძიებას მხარს უჭერდა გერმანიისა და ნორვეგიის საელჩოები საქართველოში და გაეროს მისია.

და ორკესტრი ჟღერს… წინანდლის პრემიერის შემდეგ 2019 წლიდან სამი წელი გავიდა და იგი კვლავ შესანიშნავი მოსასმენია.

მუსიკითა და ხმების შეწყობით საზღვრების დაძლევის იდეა კი ასე დაიწყო…

„მინდა, რამდენიმე სიტყვა ვთქვა, როგორია ჩვენი ხედვა, როგორ დავიწყეთ ეს ყოველივე… წინანდლის ფესტივალი 2007 წელს დაიწყო და ყოველ წელს ტარდება. ბევრი სირთულე იყო, მაგრამ ახლა ამაზე არ შევჩერდები… ჩვენ არ ვართ ისეთი მდიდრები, რომ ასეთი ფესტივალი ჩავატაროთ, ასეთი დიდი ვარსკვლავები მოვიწვიოთ, რომ არა მისი სოციალური მნიშვნელობა, რომ არა მისი საგანმანათლებლო მნიშვნელობა. რაც ყველაზე მთავარია, თავიდანვე გვქონდა ეს ხედვა, რომ ის იყო გზავნილი მშვიდობისათვის და მჯერა, რომ სწორედ ეს ორკესტრი მოახდენს სასწაულს ჩვენი ქვეყნებისათვის და შეძლებს განსაკუთრებულად იმუშაოს მშვიდობისათვის მთელ რეგიონში“, — განაცხადა წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.

თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა, რომლის შემადგენლობაშიც იმ საღამოს, პან-კავკასიური ორკესტრის მუსიკოსებიც უკრავდნენ, მენდელსონის მეოთხე სიმფონია შეასრულა. ლონდონის უნივერსიტეტის მუსიკის სამეფო აკადემიის პროფესორი, ქრისტოფ დენოტი კი მსმენელის წინაშე ესპანური სერენადით წარსდგა.

„არსებობს რაღაც, რასაც ყველა ბარიერის გადალახვა შეუძლია. ენის ბარიერის, ეთნიკური ბარიერის, გენდერული ბარიერის, რელიგიური ბარიერის თუ პოლიტიკური განსხავავებების – ეს არის მუსიკა! ასევე ჩემი კოლეგების სახელით — შვეიცარიის, ნორვეგიისა და გერმანიის  ელჩების სახელით, მინდა გულითადად მივესალმო ორკესტრს, რომელიც აერთიანებს მუსიკოსებს, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან. თქვენ ბედნიერება გაქვთ მათ ნაწილს მოუსმინოთ დღეს. ისინი უნივერსალურ ენაზე ისაუბრებენ და გვიჩვენებენ მუსიკის ძალას, რომელსაც შეუძლია სამყაროს დაძვრა, მობილიზება და გაერთიანება“, — ამბობს გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში საბინა მახლი.

საბინა მახლის გამოსვლა გულითადი და ემოციური იყო. მან დამსწრეთ მოუწოდა გაეაზრებინათ ასეთი ორკესტრის არსებობის მნიშვნელობა და მხარი დაეჭირათ ამ იდეისთვის.

„გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ახლახან აღნიშნა, რომ ჩვენი საზოგადოებები სულ უფრო და უფრო მულტიეთნიკურები, მულტიკულტურულები, მრავალ ენაზე მოსაუბრეები და მულტირელიგიურები ხდებიან. ეს მრავალფეროვნება სიძლიერეა და არა სისუსტე. სიმბოლურია, რომ ეს ორკესტრი უძვირფასესი გამოცდილებაა არა მხოლოდ ახალგაზრდა მუსიკოსებისათვის, არამედ ყველა ჩვენთაგანისათვის. ახალგაზრდები ერთად სწავლობენ, ერთად ქმნიან მუსიკას და ამავე დროს სწავლობენ სხვა კულტურებისა და ტრადიციების შესახებ კავკასიის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“, — აცხადებს ის.

რადგან საღამოს ინიციატორების, პან-კავკასიური ორკესტრის მეგობრების მიზანი მისი მხარდაჭერა იყო, შვეიცარიის საელჩომ პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მხარდასაჭერად 60 000 დოლარი გამოჰყო. შვეიცარიის თანამშრომლობის რეგიონულმა დირექტორმა, დანიელ მევლიმ კი იმავე საღამოს ჩეკი სიმბოლურად გადასცა წინანდლის ფესტივალის დირექტორს, დავით საყვარელიძეს.

პან-კავკასიური ორკესტრი და წინანდლის ფესტივალი ნამდვილად არის კლასიკური მუსიკის რუკაზე, ჩვენ დიდ ყურადღებას ვიღებთ მთელი მსოფლიოდან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მხარდაჭერა გვაქვს, არ ვიცი როგორ გამოვხატო მადლიერება“, — ამბობს წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი დავით საყვარელიძე.

საღამოს ესწრებოდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც ასევე გამოხატა ორკესტრის დახმარების სურვილი:

„2019 წელს წინანდლის ფესტივალის ფარგლებში დაარსდა ისეთი შესანიშნავი პროექტი როგორიცაა პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი და მან ძალიან მალე მიიპყრო ბევრი მხარდამჭერის ყურადღება, ძალიან ბედნიერი ვარ რომ ამ პოტენციურ მხარდამჭერებში, უკვე შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ, მომავალი წლიდან იქნება საქართველოს კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო, ვინაიდან ეს ორკესტრი პირდაპირ პასუხობს ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სხვა დონორებთან ერთად ამ ბავშვების გვერდით ვიყოთ და მათ ჩვენს თაობას აჩვენონ, რომ ახალგაზრდა თაობები მუშაობენ და რომ მათ შეუძლიათ შექმნან უფრო უკეთესი რეგიონი, ვიდრე ჩვენმა თაობებმა შექმნეს“, — განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

იდეა ერთი იყო, და მის განხორციელებას უდიდესი ძალისხმევა სჭირდებოდა. ყველა ქვეყანაში გამოჩნდნენ ახალგაზრდა მუსიკოსები, რომლებსაც ასეთ ორკესტრში უნდოდათ დაკვრა. და დაიწყო მოსმენები ბაქოსა თუ ერევანში, კიევსა თუ ალმათიში… შესარჩევ კომისიებში მთელ მსოფლიოში განთქმული მუსიკოსები მონაწილეობდნენ.

და აი, ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ.

და აი, მათი პრემიერა წინანდლის ფესტივალზე შედგა.

თბილისურ საღამოზე, ორკესტრს კახა სოლომნიშვილი დირიჟორობდა.

„ეს არის ყველასათვის ძალიან დიდი ბედნიერება, რომ ასეთი ორკესტრები იქმნება და ასეთ ხარისხს აღწევენ. ეს არის მომავალი თაობის აღზრდისთვისაც, მსმენელის აღზრდისთვის და უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის“, — განაცხადა დირიჟორმა კახა სოლომნიშვილმა.

პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრში 18-დან 29 წლამდე ასაკის მუსიკოსები არიან გაერთიანებული.

„2019 წელს ვიყავი პან-კავკასიური ორკესტრის წევრი და ამ ექვსი ქვეყნის სხვადასხვა მუსიკოსთან მქონდა შეხება, ჩვენ ერთად ვაკეთებდით იმ საოცრებას, რასაც მუსიკა ჰქვია. უპირველესად, ეს უდიდესი გამოცდილება იყო, იმის გამო, რომ მსოფლიოს წამყვან დირიჟორებთან გვქონდა მუშაობის შესაძლებლობა და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ, იყო აზრების, კულტურის, ტრადიციების გაცვლა-გამოცვლაც. ეს საუკეთესო მოგონებებია“, — ამბობს მევიოლინე სალომე მერაბიშვილი.

აი ასე — ჯერ ჩნდება ხედვა და იდეები. და მერე ასე გრძელდება…

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend