მთავარისაქართველო109 დღე ხუთი ივლისიდან - ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან

109 დღე ხუთი ივლისიდან – ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან

21 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელა. მათ წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. 27 ბრალდებულის ადვოკატები მოძალადე ჯგუფების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. სასამართლომ ისინი პატიმრობაში დატოვა.

„ბრალდებულებს ბრალი ედებათ, როგორც მძიმე დანაშაულის ჩადენაში, ასევე სპეციფიკური დანაშაულის ჩადენაში ჟურნალისტების მიმართ – დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, რაც უკავშირდება მათ აღქმას, რომ ჟურნალისტებმა რაღაც ქმედება არ გააშუქონ ან სათანადოდ არ გააშუქონ, ან არ მიიღონ ინფორმაცია. ამ მოცემულობით, კვლავ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და არანაირი ფორმალური საფუძვლით არ არის შეცვლილი“ – განაცხადა სასამართლო სხდომაზე საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

სიძულვილის გამომხატველი ჯგუფების უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ ეს პროცესი ფორმალურია და სასამართლო მათ არგუმენტებს არ იზიარებს. მათი არგუმენტების მიხედვით კი ბრალდებულები, რომლებმაც 5 ივლისს ჟურნალისტებს, ოპერატორებს და ფოტოგრაფებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, უდანაშაულოები არიან.

“სასამართლო პროცესმა დაადასტურა, რომ ეს ყველაფერი აქამდე არის ფორმალობა. აზრი არ აქვს არც აღმკვეთი ღონისძიების მოთხოვნას, არც სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას. ერთადერთი იმედი, რასაც ვიტოვებ, არის ბოლო მოსამართლე – არსებითი განხილვის მოსამართლე, სადაც მოხდება მტკიცებულებათა გაშლა. იქნებ გამოვიდეს გამამართლებელი განაჩენი. დღევანდელი დღე იყო სრული ფორმალობა, ზრდილობის გამო ვისხედით ყველა“ – განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა თორნიკე გვენეტაძემ.

2021 წლის 5 ივლისს თბილისი პრაიდის კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო. ეს ღონისძიება რუსთაველის გამზირზე იგეგმებოდა, თუმცა მოძალადე ჯგუფები სწორედ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. დაარბიეს თბილისი პრაიდისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისები. ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიას და ამაში მათ ხელი ვერავინ შეუშალა. გამოძიების ვერსიით, დაზარალებულად 53 პირია ცნობილი, მათ შორის 42 ჟურნალისტია. ამ საქმეს 31 ბრალდებული ჰყავს. მათ გამოძიება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას, ადამიანის დევნას პროფესიულ საქმიანობასთნ დაკავშირებით და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

5 ივლისიდან 109 დღე გავიდა. გამოძიებას ჯერ ისევ არ აქვს პასუხი, ვინ იყო თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი და ვინ მოუწოდებდა სიძულვილის გამომხატველ ჯგუფებს ძალადობისკენ.

5 ივლისს ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავაც დაშავდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. ჯერ არც ლექსოს გარდაცვალების მიზეზის შესახებ არის ცნობილი ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა.

ნანუკა მეშველაშვილი

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend