მთავარიევროპაიტალიაფეხბურთი რასიზმის წინააღმდეგ

ფეხბურთი რასიზმის წინააღმდეგ

მილანში არსებულ პატარა საფეხბურთო გუნდში მსოფლიო ვარსკვლავები არ თამაშობენ. გუნდი სულ სხვა მიზნებით შეიქმნა. ჩრდილოეთ იტალიაში გუნდი „სენტ-ამბროსი“ იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში დარეგისტრირებული პირველი საფეხბურთო გუნდია, რომლის შემადგენლობაში მხოლოდ ის ლტოლვილები და მიგრანტები შედიან, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებიდან არ არიან.

„ჩვენი გუნდი მრავალეთნიკური მუშათა კლასის საფეხბურთო გუნდია. ვცდილობთ, რომ სენტ ამბროსი ქალაქ მილანში იყოს როგორც საფეხბურთო, ასევე სოციალური ცენტრი. ჩვენ ვიყენებთ ფეხბურთს, როგორც ინტეგრაციის, სოციალიზაციის, გაცვლისა და ცოდნის გზას. გარდა ამისა, ეს არის რასიზმთან ბრძოლის ძალიან საიმედო საშუალება“, – ამბობს „სენტ-ამბროსის“ სპორტული დირექტორი დანიელე რადუაცო.

გუნდი 5 წლის წინ ჩამოყალიბდა ერთი მისიით, რომ მიგრანტებისა და ლტოლვილებისთვის შანსი მიეცა, შეეძინათ ახალი მეგობრები და საზოგადოებაში ინტეგრირება არ გასჭირვებოდათ.

გუნდი იბრძვის იტალიაში დაწესებული რეგულაციების შეცვლისთვის. მათ სურთ, რომ გუნდის წევრებმა ქვეყანაში დარჩენა შეძლონ.

„იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ჩვენთან თანამშრომლობით ძალიან კმაყოფილი იყო. თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ გვიწევს იმ კანონებთან ბრძოლა, რომლებიც ფედერაციას სცილდება. ამ კანონებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში მიგრანტებთან დაკავშირებით იტალიის სახელმწიფოს მიდგომა შეცვალა. კანონები რეპრესიულია და ზღუდავს თავისუფლებას“, – თქვა „სენტ-ამბროსის“ პრეზიდენტმა დავიდე სალვადორიმ.

ეს ადამიანები მოედანზე აღარ არიან მძღოლები ან დაცვის თანამშრომლები, ისინი თავიანთი გუნდების მცველები და თავდამსხმელები არიან. ისინი ლტოლვილები კი არა, ფეხბურთელები არიან, რომლებიც თავიანთი გუნდისთვის თამაშობენ.

„აქ თეთრკანიანი და ფერადკანიანი ფეხბურთელები ერთად ვთამაშობთ. ჩვენი გუნდელები მალიდან, კამერუნიდან, მაროკოდან და ბევრი სხვა ქვეყნიდან არიან. აქ ყველა ერთად ვთამაშობთ“, – ამბობს „სენტ-ამბროსის“ ფეხბურთელი ისა დუმბია.

სენტ-ამბროსი“ ადგილობრივი უბნის და მილანის მნიშვნელოვანი ნაწილია. მიგრანტები და ლტოლვილები ახლა იტალიელ მეზობლებთან ერთად თამაშობენ. მათ ასევე შეუძლიათ იტალიური ენის კურსები გაიარონ და ინტეგრაციის პროცესი დააჩქარონ. „სენტ-ამბროსის“ წევრების თამაში მხოლოდ სანახაობა არ არის, არამედ ის ფეხბურთის რეალურ არსს ემსახურება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend