კარლ ჰარცელის ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენელი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში, ევროკავშირის სათაო ოფისში დაიბარეს.
საუბრის თემა დიპლომატის ინფორმაციით იყო სავარაუდო ფარული ჩანაწერები და ამ საკითხთან დაკავშირებით პარტნიორების პოზიციების გარკვევა.
ევროკავშირის ელჩი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ევრობლოკი ამ საკითხს სერიოზულად იღებს, იმიტომ, რომ, საბოლოოდ, ეს თემა კითხვებს აჩენს ვენის კონვენციის დარღვევასთან დაკავშირებით.
საქართველოს ელჩი ევროკავშირში, სავარაუდო მოსმენებთან დაკავშირებით, ევროკავშირის სათაო ოფისში დაიბარეს. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა. ის გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დიპლომატებსაც უსმენენ და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამას არ უყურებს, როგორც ნორმალურ მოვლენას.
„ჩვენ ვიღებთ ამ შემთხვევებს ძალიან სერიოზულად, რადგან საბოლოო ჯამში, ეს აჩენს კითხვის ნიშნებს ვენის კონვენციიდან გამომდინარე. ეს არ არის ბუნებრივი, როდესაც ასეთ დამოკიდებულებას ვხვდებით ახლო მეგობრისა და პარტნიორის მხრიდან. ამ მიზეზით, გუშინ საქართველოს ელჩი ევროკავშირში დაბარებული იყო შეხვედრაზე ბრიუსელში, ევროკავშირის სათაო ოფისში. პოზიციების გასარკვევად და შემდგომ ნაბიჯებზე სასაუბროდ. თავს შევიკავებ დეტალებზე სასაუბროდ, მაგრამ, მინდა, ვთქვა, რომ თვალს ვადევნებთ ამ მოვლენებს და ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. უნდა გაგრძელდეს თვალთვალისა და მიყურადების ბუნებაზე დისკუსიები. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა უნდა იმუშაოს იმ საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება ქვეყანას. ეს ყველაფერი კი კონტროლის ქვეშ უნდა განხორციელდეს. თვალთვალი და მიყურადება არ არის დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ დიპლომატიური კორპუსის თვალთვალი საერთაშორისო დანაშაულია და მათი სავარაუდო მოსმენები არანაირი რეაგირების გარეშე არ დარჩება.
„ელჩების მოსმენა და დიპლომატიური კორპუსის თვალთვალი არის საერთაშორისო დანაშაული. ეს არ არის მხოლოდ შიდა სახელმწიფოებრივი დანაშაული. დარწმუნებული ვარ, და ამაში შესაბამისი სამსახურები ჩაერთვებიან. მოხდება დეტალური გამოძიება ჩვენი დასავლელი და ევროპელი კოლეგების მხრიდან“, – აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
„ამგვარი ფაქტი, ტოტალური და შემდეგ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოსმენები, რა თქმა უნდა, არანაირად რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა და არც მომავალში დარჩება. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება ამ მოსმენების წარმოება ქვეყნის საზიანოდ“, – თქვა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა.
12 სექტემბერს, გვიან ღამით, მედიებმა დაუცველი ვებსაიტის ბმული მიიღეს რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული. ამ დოკუმენტებს აერთიანებს ის, რომ ჩანაწერები ძირითადად სასულიერო პირებს ეხება. მასალებში, დიპლომატების გარდა, ნახსენები არიან პოლიტიკოსები და ჟურნალისტებიც. ზოგმა მათგანმა გავრცელებული ჩანაწერების ნამდვილობა დაადასტურა. ქართულ ოცნებაში კი მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის ელჩი დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ ასცდა.
„ის, რომ ჩვენი მეგობრები ინტერესდებიან, არის აბსოლუტურად ბუნებრივი. შეიძლება ვიღაც ვიღაცას უსმენდეს უკანონოდ, უნდა დაინტერესებულიყვნენ და დაინტერესდნენ კიდეც. უნდა მოეფინოს ნათელი, ვინ რა ინფორმაცია გაიტანა, რა იყო ავთენტური, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს. რაც შეეხება კონკრეტულად ელჩის განცხადებას, არ ვარ დიპლომატი, შეიძლება ვერ ვერკვევი ამ საკითხებში, მაგრამ მე მგონი, დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო, მით უმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
ამ საკითხს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტიც ეხმაურება. უწყების განცხადებით, საქართველოს ელჩმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე სრული ინფორმაცია მიაწოდა. მათივე ინფორმაციით, საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფუნქციონირებას ითვალისწინებს და ვენის კონვენციის პრინციპებს იცავს.
ანა ალელიშვილი