მთავარისპორტიალექსანდრე ფევაძე: "ჩემს კარიერაში ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო"

ალექსანდრე ფევაძე: “ჩემს კარიერაში ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო”

ავტორი: გიორგი სანაძე

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და ჯგუფში პირველ ადგილზეა. ამ და სხვა თემებზე „ევრონიუს ჯორჯიას“ საქართველოს ნაკრებისა და „ცხუმ-აფხაზეთის“ ფორვარდი, ალექსანდრე ფევაძე ესაუბრა.

-კმაყოფილი ხართ საქართველოს ნაკრებში თქვენი დებიუტით?

–  რა თქმა უნდა, ეროვნულ ნაკრებში პირველი ორი შეხვედრით კმაყოფილი ვარ, თუმცა საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის მომთხოვნი ვარ და ვფიქრობ, რომ მეტის გაკეთებაც შემეძლო, განსაკუთრებით მეორე თამაშში. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, მთავარია გავიმარჯვეთ, რაც ყველაზე მნიშნველოვანია. დიდი მადლობა მწვრთნელს (ილიას ზუროსს) ნდობისთვის და იმისთვის, რომ სათამაშო დრო მქონდა.

– რამდენად დიდი გამოცდილება მიიღეთ ეროვნულ ნაკრებში თამაშით?

– ჩემთვის ეს უდიდესი გამოცდილება იყო. პირველ რიგში, იმ დონის კალათბურთელებთან ერთად თამაში, როგორებიც არიან თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. ასეთი ძლიერი მოწინააღმდეგეების (ფინეთისა და შვეიცარიის ნაკრებები) წინააღმდეგაც არასდროს მითამაშია. ჩემს კარიერაში ორი უმნიშვნელოვანესი თამაში იყო და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, როგორც თამაშებით, ასევე ვარჯიშებით, ჩემს თანაგუნდელებთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად.

– რამდენად განხვავდება „ბაბლის“ ფორმატით ჩატარებული მატჩები ჩვეულებრივი გარემოსგან?

– ჩემთვის პირადად ამ ფორმატს ხელი არაფერში არ შეუშლია. მხოლოდ სასტუმროში ყოფნის, თამაშებსა და ვარჯიშებზე გასვლის უფლება გვქონდა. კორონავირუსის ტესტები იყო ოდნავ შემაწუხებელი.

– რამდენად ნაყოფიერი იყო თქვენთვის ევროპაში ერთ-ერთ გამორჩეულ სპეციალისტთან, ილიას ზუროსთან ერთად გატარებული პერიოდი?

– ილიას ზუროსი ძალიან გამოცდილი მწვრთნელია, მაგრამ პირველ რიგში ძალიან კარგი ფსიქოლოგია. მან იცის, როგორ უნდა ელაპარაკოს მოთამაშეს, მისცეს მოტივაცია. იგი კალათბურთელებს ინდივიდუალურად ესაუბრება. მისგან ბევრი ვისწავლე და მასთან ურთიერთობით დიდი გამოცდილება მივიღე.

– ნაკრებში გიორგი კორსანტიასთან ერთად ითამაშეთ. მასთან ერთად საკლუბო ასაკობრივ ჩემპიონატებში არაერთხელ გითამაშიათ. წარმოიდგენდით, რომ ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავდით?

– მე და გიო 5 წელია ერთად ვთამაშობთ როგორც გუნდში, ასევე ასაკობრივ ნაკრებებში. ერთად თამაში გვიადვილდება. როგორც ყველა ახალგაზრდა მოთამაშე, ჩვენც ვფიქრობდით, რომ ერთ დღეს ეროვნულ ნაკრებში ვითამაშებდით. ასეც მოხდა. პარკეტზე ერთად ყოფნაც მოგვიწია. მასთან ერთად თამაში ყოველთვის დიდი სიამოვნებაა.

– ვისაუბროთ „სუპერლიგაზეც“. რა იქნება „ცხუმ-აფხაზეთის“ მიზანი საქართველოს ჩემპიონატის ამ სეზონში?

– იმედია, ამბიციურად არ გამომივა, მაგრამ ჩვენი მაქსიმუმი ჩემპონობაა. ეს ჩვენი მთავარი მიზანია. ჯერ, რა თქმა უნდა, პლეიოფში რაც შეიძლება მაღალი ადგილით უნდა გავიდეთ. გუნდში ძალიან კარგი ქართველი მოთამაშეები და ლეგიონერები თამაშობენ, რომელთაც ძალიან კარგი სამწვრთნელო შტაბი ხელმძღვანელობს. დიდი მადლობა ჩემს მწვრთნელებს, რომლებიც „სუპერლიგაში“ ჩემი შესაძლებლობების გამოჩენის შანსს მაძლევენ. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს.

– “ევრობასკეტის” შესარჩევი ეტაპის მატჩები შესაძლოა საქართველოში გაიმართოს. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს ქართველი კალათბურთელებისთვის?

– როგორც ვიცი, თებერვალში “ევრობასკეტის” შესარჩევი ეტაპის მატჩები საქართველოში „ბაბლის“ ფორმატით გაიმართება, რომელშიც 4 გუნდი (საქართველო, ფინეთი, სერბეთი, შვეიცარია) მიიღებს მონაწილეობას. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. იმედია, თებერვლამდე მდგომარეობა გამოსწორდება და შეხვედრებზე დასწრებას გულშემატკივრებიც შეძლებენ. კალათბურთი ფანების გარეშე ხიბლს კარგავს.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend